"ეს პრემიერ ლიგაა" - მოურამ "სოტონთან" მარცხზე ისაუბრა
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-02-2022, 00:53
ლონდონის "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგის 24-ე ტურში "საუთჰემპტონს" უმასპინძლა და უმძიმესი მარცხი განიცადა.
"დეზები" მე-18 წუთზე იან ბედნარეკის ავტოგოლით დაწინაურდნენ, თუმცა ხუთ წუთში ანგარიში არმანდრო ბროხამ გაათანაბრა. 70-ე წუთზე "სპურსი" წინ ამჯერად ჰონ-მინ სონმა გაიყვანა, მაგრამ ლონდონელებს ეს არაფერში ეყოთ - ორი წუთის ინტერვალში (80-82) ჯერ მუჰამედ ელინოუსიმ შეაგდო, შემდეგ კი ჩე ადამსმა.
ანტონიო კონტეს შეგირდებს დამატებული დროის მეოთხე წუთზე თითქოს სტივენ ბერგვაინი მოევლინათ მხსნელად, მაგრამ ნიდერლანდელის გოლი არ ჩაითვალა.
დასანანი მარცხის შემდეგ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ "ტოტენჰემის" ბრაზილიელმა შემტევმა, ლუკას მოურამ მისცა.
"ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო. კარგად არ გვითამაშია. ძალიან პასიურები ვიყავით, მეტოქეს ბევრი სივრცე მივეცით და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ შესანიშნავად ითამაშეს. ამ პირობებშიც კი ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ და თამაშს ორჯერ ვიგებდით, თუმცა ეს პრემიერ ლიგაა. აქ ერთი წუთითაც არ უნდა დაკარგო სიფხიზლე.
მათ ოთხ წუთში ორი გოლი გაიტანეს. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. უნდა ვისწავლოთ. ჩვენთვის ცუდი დღე იყო, მაგრამ ახლა კვირაზე უნდა ვიფიქროთ.
მატჩის მოსაკლავად ორი-სამი შანსი გვქონდა. მათი გამოუყენებლობა ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ახლა კვირაზე გადავერთვებით. დროული რეაქციის ჩვენება გვჭირდება. ეს უნდა გავაკეთოთ. მოდი, ხვალიდან დავიწყოთ," - თქვა მოურამ.
ცნობისთვის, კვირას "დეზებს" "ვულვერჰემპტონთან" ელით დაპირისპირება. მატჩი თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
აქვე ვახსენოთ, რომ "სპურსს" 21 მატჩში 36 ქულა აქვს და ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს.
კომენტარები