ნეაპოლში „კვარამანია“ გრძელდება - არგენტინელმა ხელოვანმა კედელზე ხვიჩას პორტრეტი დახატა
ნეაპოლში „კვარამანია“ გრძელდება, რასაც გამოცემა „ილ მატინოს“ ინფორმაციაც ადასტურებს – „ნაპოლის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გამოსახულებით ქალაქის კედლები მოხატეს.
იტალიური გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბის ქართველი ლეგიონერის გამოსახულება ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის, ესპანური კვარტალის კედლებზე გამოჩნდა.
„ესპანეთის კვარტალში „ნაპოლის“ ახალი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია „მოვიდა“, რომელიც რაიონებში მოღვაწე არგენტინელმა არტისტმა, ხუანმა მოხატა“, – ამას უკვე minieraquartierispagnoli წერს.
ესპანური კვარტალი ნეაპოლის კომერციული უბანია, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ქუჩა ვია ტოლედო ესაზღვრება. აქ ეკლესიები, მაღაზიები და კულინარიული ობიექტებია. არის შესასვლელი ნეაპოლის გვირაბებისა და კატაკომბების მიწისქვეშა ქსელ სოტერანეაში.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ახალგაზრდა თავდამსხმელის გამოსახულება კედელზე „მინიერას“ გუნდმა შეასრულა, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ამ უბნის სოციალური და კულტურული პოპულარიზაციის ღონისძიებებსა და პროექტებზე. ნამუშევარი არგენტინელ მხატვრს, ხუან პაბლო ხიმენესს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ფეხბურთელთა კავშირის და სერია „ა“-ს ოფიციალური გვერდის გამოკითხვით აგვისტოში თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, საქართველოს ნაკრებში გამოსვლით კი 21 წლის თავდამსხმელი ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.