კარგი ამბავი ნეაპოლიდან - კვარა მოედანზე ბრუნდება
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს შესაძლოა შაბათს, „უდინეზესთან“ მატჩში დაუბრუნდეს.
იტალიური სააგენტო Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო 2 დღის განმავლობაში „კონამის“ ცენტრში ინტენსიური თერაპიის კურსი ჩაიტარა, რომლის დასრულების შემდეგაც გადაწყდა, რომ ხვიჩა სერია A-ს უახლოეს შეხვედრაში დაბრუნდება. სააგენტოს ცნობით, 21 წლის შემტევმა ზურგის ტკივილები დაამარცხა და უახლოეს საათებში მის მდგომარეობას საბოლოოდ შეაფასებენ „ნაპოლის“ ექიმები, რის შემდეგაც მისი თამაშის, ან კიდევ ერთ თამაშში დასვენების რეკომენდაციას გასცემენ, თუმცა Corriere dello Sport-ის მტკიცებით, „უდინეზესთან“ ქართველი ფეხბურთელის თამაში ფაქტობრივად პირველივე წუთებიდან არის გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, რომ მცირე ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო და 8 ნოემბერს „ემპოლისთან“ რომელიც ასევე „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „მილანს“, რომელმაც გუშინდელ მატჩში „კრემონეზესთან“ ქულები დაკარგა, 8 ქულით უსწრებს. „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა კი შაბათს, 12 ნოემბერს საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.