დაცვით რო დადიხართ და ავადმყოფ კაცს, რომ დასცინით რა ვაჟკაცობა? ვის მიმართავს ბესელია
კომენტარები, რომელსაც ჩვენ პარლამენტის დერეფნებიდან ვისმენთ, სააკაშვილის დაცვას ეხმარება , - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ მმართველი პარტიის ლიდერების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, დიდი ალბათობით სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ზეწოლას.
"სტრასბურგის სასამართლო ყველა კომენტარს მიიღებს, რომელსაც პოლიტიკოსები სააკაშვილის საქმეზე აკეთებენ, ასე ვაკეთებდით ჩვენც, როდესაც სტრასბურგში საქმეებს ვაგზავნიდით. მსგავსი კომენტარები, რომელსაც ჩვენ პარლამენტის დერეფნებიდან ვისმენთ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დაცვას ეხმარება. როდესაც მმართველი პარტიის სპიკერები ამბობენ, რომ "სიმულაციაა, არაფერი ხდება, ელექტრო სიგარეტს ეწევა, ტიმოშენკოც სავარძლით დადიოდა და ესეც მასავით წამოხტება“, ყველა კომენტარი ამოიჭრება და გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში და დიდი ალბათობით სასამართლო იტყვის, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური ზეწოლა იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიების მოტივი არ აქვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სასათბურე პირობებში იყო.
"უბრალოდ პოლიტიკური დღის წესრიგია, პერსონალური შურისძიება რატომ არ არის იცით? - კობახიძეს რატომ უნდა ეჯავრებოდეს სააკაშვილი? რამე დაუშავა მას? კობახიძეც, მდინარაძეც, მათიკაშვილიც, ესენი ყველა ძალიან სასათბურე პირობებში იყვნენ, ქუჩაში კი არ იდგნენ და ებრძოდნენ სააკაშვილს. თქვენ გგონიათ რომელიმე გაბედავდა იმ პერიოდში ხმის ამოღებას, ახლა რომ ასე ლაპარაკობენ? წაქცეულ ადამიანზე რომ ასე ქილიკობ, დასცინი, მგონია, რომ ყველაზე მდაბიო საქციელია. ახლა რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ახია, რაც მის თავს ხდება, ხომ ვიქნები სულმდაბალი და პატარა ადამიანი? - მაშინ იყო ამის გაბედვა რთული, ქუჩებში რომ ვიდექი და ტყვიებს გვესროდა და არ ვიცოდით ცოცხლები დავბრუნდებოდით თუ არა სახლში, თორემ ახლა რომ დგახარ თანამდებობიდან, სასათბურე პირობიდან, დაცვით რომ დადიხარ პარლამენტში, პარლამენტში რომ დაცვით დადის საშინელებაა, დაანებოს თავი იმ დაცვას, პარლამენტში ვის გაუგია დაცვით სიარული, იქიდან რომ ელაპარაკები ამ ავადმყოფ სააკაშვილს, რა ვაჟკაცობაა ეს? დღეს არ მინდა, რომ მას პოლიტიკური შურისძიებით მოექცნენ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექცევი შურისძიებით? გადაიყვანონ იმ საავადმყოფოში, რასაც ექიმები ეუბნებიან. მოსამართლე რომ ვიყო, გადავწყვეტდი, შევაჩერებდი პროცესს, უზრუნველყოფდი მის გამოჯანმრთელებას და შემდეგ მივიყვანდი მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სააკაშვილის საკითხის გარდა ეკა ბესელია გადაცემაში ხელისუფლების წევრების ევროპაში გახშირებულ ვიზიტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარტო სიარული საქმის კეთება არაა.
მისივე თქმით, დიპლომატიურად გაუგებარი ქცევები აქვს "ქართულ ოცნებას“, რადგან ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს "გადაუარა და ლანძღა თუკი რამით შეეძლო ელანძღა“ და "სენტიმენტები“ მხოლოდ უნგრეთის მიმართ აქვს.
"მარტო სიარული არ არის საქმე, რა არის სასაუბრო, რა მიგაქვს ევროპელ კოლეგებთან? გამეღიმა, როცა მოვისმინე განცხადება, კობახიძე ამბობდა: უნგრეთს ნუ ესხმით თავს, ევროკავშირის წევრ ქვეყანასო. მთელ ევროკავშირს გადაუარა, თავზე დაამხო, თუკი რამე შეიძლებოდა, დაემხო, თუკი რამით შეიძლებოდა ელანძღა და მარტო უნგრეთის მიმართ გაუჩნდა სენტიმენტები ამ ბიჭს. იქ რომ აუჩუყდა გული და მოუწოდა ყველას, დაანებეთ თავი უნგრეთსო, იმის გარდა ვერავინ ვერ დაინახა ყველა რომ გადარია? - დიპლომატიურად გაუგებარი ქცევები ხდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.