პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი - ის არის ცუდად" - გიორგი ჩალაძე
თუ ქვეყანა არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენას სჭირდება, ბევრი წლით ჩამოვრჩებით იმ განვითარების ტემპებს, რომელიც წესით უნდა გვქონდეს - პრეზიდენტს ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი, - ამის შესახებ იურისტმა გიორგი ჩალაძემ"პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლის საშუალება მიეცა, ეს იქნება საზოგადოების გამარჯვება იმ ბოროტებაზე, რაც ქვეყანაში ხდება.
"პრეზიდენტი სააკაშვილი არის ცუდად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი მის გარდაცვალებამდე ან მისი ჯანმრთელობის იმგვარ დაზიანებამდე, რომლის უკან შექცევაც ძალიან გაგვიჭირდება და ეს იქნება დაღდასმული მთელი ცხოვრების განმავლობაში. პრეზიდენტის ჯანმრთელობა არის უპირველესი საკითხი რაც დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება, რადგან ეს არის გასაღები ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის და თუ ქვეყანა არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის ჯანმრთელობის გადარჩენას სჭირდება, ბევრი წლით ჩამოვრჩებით იმ განვითარების ტემპებს, რომელიც წესით უნდა გვქონდეს.
ახლა დროულად უნდა შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ადვოკატები მოამზადებენ შესაბამის შუამდგომლობას იმ საექსპერტო დასკვნებით, რომელიც არ დატოვებს სპეკულაციების სივრცეს და დადასტურებული იქნება ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ, შევა სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გადასარჩენი. პრეზიდენტს ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
გარდა ამისა, მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გააცნობს, რადგან სპეკულაციების ადგილი არ დარჩეს და სალომე ზურაბიშვილს შემდგომი მოქმედებისთვის ინფორმაცია ჰქონდეს.
გიორგი ჩალაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ცალსახად არ წერია, რომ მიმდინარე საქმეებზე შეწყალება არ შეიძლება და ამაზე აპელირება უცოდინრობაა.
„შალვა ხაჭაპურიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ არ იყოს აქაც რაიმე მანიპულაცია. შალვა ხაჭაპურიძე მას აჩვენებს დოკუმენტებს, რომელიც ნანახი აქვს ევროპარლამენტარებს, საპარლამენტო ასამბლეას და ა.შ., რომ არ იყოს ლაპარაკი, რომ „უი მე ეს არ ვიცოდი და რატომ არ მითხარით“. შალვა ხაჭაპურიძის ვიზიტიც ემსახურება იმ წარმოსახვითი სიცარიელის შევსებას, რაც თეორიულად შესაძლებელია ქალბატონ სალომეს ჰქონდეს, თუმცა მე არ მჯერა, რომ მან რამე არ იცის. პრეზიდენტის ნაბიჯი შეიძლება იყოს შეწყალება. საქართველოს კანონმდებლობაში ცალსახად არ წერია, რომ მიმდინარე საქმეებზე შეწყალება არ შეიძლება. აპელირება იმაზე, რომ მას არ შეუძლია შეწყალება, რადგან საქმეები არ არის დასრულებული არის მინიმუმ კანონის უცოდინრობა და ჩვენ მას ვერ მოვთხოვთ, ის არ არის იურისტი და იურისტებისთვის ცალსახად, შეწყალება შესაძლებელია ახლაც, არის შეწყალების იურიდიული მექანიზმები“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.