ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს ომიკრონი" არ არის პანდემიის დასასრული " - დევი ტაბიძე
პოლიტიკა
7-02-2022, 19:01
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანა კორონავირუსის შტამის - "ომიკრონის" გავრცელების პიკზე იმყოფება და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.
მისივე თქმით, "ომიკრონის" შტამი პანდემიის დასრულების წერტილს არ წარმოადგენს და მოსახლეობამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.
"დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ "ომიკრონის" პიკზე ვიმყოფებით. გვაქვს სულ მცირე პერიოდი დარჩენილი, დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა და ამის შემდეგ ის დაიწყებს კლებას.
"ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ თითქოს ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან გართულებებზე ვსაუბრობ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად ცხოვრება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სამედიცინო ნიღბის ტარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მოსახლეობას ნიღბის ტარება მინიმუმ ერთი წელი კვლავ მოუწევს.
"ნიღბის ტარება ჩვენ მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს. იმიტომ, რომ რეალურად, ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსებისგან ერთ-ერთი გადარჩენის გზა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს," - აღნიშნა დევი ტაბიძემ.
კომენტარები