მსახიობები გადარჩენაზე ვართ... საცოდაობაა... მე, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?" - რას ამბობს გიორგი გურგულია პოლიტიკაზე და ყოფილ ცოლთან სასამართლო გარჩევაზე?
ერთი წლის წინ, სექტემბერში, გიორგი გურგულია სერიოზულ სკანდალში გაეხვა. მსახიობს ყოფილი მეუღლე ლარისა გიგაური ძალადობაში სდებდა ბრალს. გურგულია დაკავებული არ ყოფილა, სასამართლო პროცესიდან კი გირაოთი გათავისუფლდა. იმჟამად მსახიობი ამბობდა, რომ არათუ ცოლზე, არამედ კინოშიც კი არ უძალადია ქალზე. ლარისა გიგაური მსახიობის მეოთხე ცოლი გახლდათ. მსახიობს მასთან დაშორების შემდეგ აღარ უქორწინია.
როგორ ცხოვრობს მას შემდეგ მსახიობი, რატომ არ ერევა პოლიტიკაში და რა შეცვალა პანდემიამ მის ცხოვრებაში, გიორგი გურგულია ambebi.ge-ს ესაუბრება:
- მსახიობებს შემოსავალი ნული გვაქვს, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან ორასლარიანი დახმარება გვქონდა და ახლა ეგეც შეგვიწყვიტეს, გადარჩენაზე ვართ. ალბათ მთელი სამყაროც ასეა, დანაზოგი არ აქვს ხალხს და პრობლემები კი ბევრია. ვფიქრობ, საქართველოსა და ძალიან გაჭირვებული ქვეყნების გარდა, ხელოვანები ასეთ დღეში არსად არიან, რაღაც კომპენსაციები არსებობს, ჩვენ ძალიან უკან ვართ.
- კორონავირუსით ინფიცირებას თუ გადაურჩით, აცრილი ხართ?
ორი წელია თითქმის კორონავირუსი მძვინვარებს და არ ავცრილვარ, პირბადეს დახურულ სივრცეში ვხმარობ. შარშან ზამთარში პატარა გრიპივით შეგვხვდა მე და ჩემ შვილს და მაშინ ვერ გაიგეს ექიმებმა, - შეიძლება კორონაც არისო. არ ვიცი, შეიძლება გადატანილიც მაქვს.
- წინასაარჩევნოდ არ აქტიურობთ, ვისი მხარდამჭერი ხართ?
- პოლიტიკიდან ცოტათი გამოვიწიე. ამ ორ ძალას, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ისე აწყობთ ერთმანეთი, რომ მესამე მოთამაშე არ სჭირდებათ. გიორგი გახარია გამოჩნდა და ორივე მხარემ ბრძოლა გამოუცხადა. კი ნახეთ, რომ მიშამ ბილეთიც აიღო. მაგას უკრაინაშიც არ აქვს საქმე კარგად და შეიძლება იქ დაჭერას, საქართველოში ერჩიოს, რადგან იმედი აქვს, რომ ქართველები ბოლომდე არ გაწირავენ. ეცდება საზღვარი გადმოლახოს, გადარჩენის ინსტიქტი აქვს. ქართველი პოლიტიკოსებიდან ძალიან ცოტა ადამიანი მომწონს. თეა წულუკიანი, გიორგი გახარია, როდესაც მინისტრები იყვნენ, ფეხზე დააყენეს რაღაცები, ასევე მომწონს, ვატო შაქარაშვილი. სიმპათიები კვლავაც გიორგი გახარიას მიმართ მაქვს. რამხელა აბსურდია, რომ "ნაციონალებს" აწებებენ.
ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანების უკანონო დაკავებას აპროტესტებდით, დღეს რა გიჩენთ პროტესტს?
- ადამიანების სოციალური მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ასევე კოჰაბიტაციაზე თავშივე ვუთხარი, რომ ეს იყო მათივე დამღუპველი პროცესი. თანამდებობებზე "ნაციონალების" მხარდამჭერები დატოვეს. ნიკა რურუას მინისტრობის დროიდან ვგრძნობდი, რომ ხელს მიშლიდნენ, კონკურსებში გავიმარჯვე და ფილმი არ გადამაღებინეს. მინიმუმ თანამდებობებიდან უნდა გაეშვათ ეს ხალხი, იმიტომ არის, რომ ხან სუს - იდან გამოუძვრებათ ინფორმაცია, ხან - საიდან.
- გჯერათ თქვენ სუს - ის ფაილების ნამდვილობის?
- ეკლესიას ებრძვიან და სახელმწიფოს რომ ეს არ აწყობს, ყველას გვესმის. ესეც ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" ხრიკებია. ძველი ბრძოლაა, რაც მიშა სააკაშვილისდროიდან მოდის. ჩემი მეგობარი ბერი ვარძიაში მარტო ცხოვრობს, მარტო იჯდა გამოქვაბულში და ისე გააღიზიანეს ჟურნალისტებმა, რომ გინება წამოსცდა კაცს. მიყვებოდა, - ვეფერე სამი საათი, ოთხი ვაშლი მქონდა, დავუჭერი და ეკლესიაში არ შემომყვნენო. ბერისთვის ძალიან ძნელია აგრესია და მერე უწმაწური სიტყვები... ძალიან გულგატეხილი იყო. ჩასაფრებულები არიან, რომ ბერსაც წამოაცდევინონ რამე, პროვოკაციებს უწყობენ, რომ ტალახი ესროლონ ეკლესიას.
- ერთი წლის წინ, კანონთან პრობლემა შეგექმნათ, ყოფილმა მეუღლემ გიჩივლათ, რა ეტაპზეა ეს საქმე?
- გაჩერებულია... თუ გახსოვთ წინასაარჩევნო პერიოდი იყო მაშინაც და რომ არ მეაქტიურა, გამაჩერეს. საშიშროება იყო მაშინაც, რომ მესამე ძალა არ გამოჩენილიყო, ჩამომაცილეს. "ნაციონალი" მეზობელი იყო დამუქრებული, რომ დამაკავებდნენ, არადა, რეალურად არაფერი სერიოზული არ ხდებოდა. ადრეც დარეკა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში, მოვიდნენ, ნახეს რომ ბავშვი მეხუტებოდა, რომ მეჩხუბა, ბავშვი ასეთ მდგომარეობაში დახვდებოდათ? - პირველი გამოძახება ასე დასრულდა. მეორედაც ბავშვი მეხვეწებოდა, დამაძინე და ისე წადიო,- ტიროდა. ყოფილ მეუღლეს ვუთხარი რა პრობლემაა, ზღაპარს მოვუყვები, დაიძინებს და წავალ-მეთქი, გარეთ მეგობარი მელოდებოდა მოტოციკლეტით. მეუღლემ მითხრა, წადი, თორემ პოლიციაში დავრეკავო. ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი, ცოტა ხანში ბავშვი რომ დამშვიდდა, მოტოციკლეტით წამოვედი და არ დავუბრუნე ტელეფონი. მითხრა, თუ არ დამიბრუნებ, საჩივარს დავწერო და მართლა დაწერა. მერე აღმოვაჩინე, რომ შეგინება ყოფილა "შენი დედა ვატირე" და "დედას გიტირებ" კიდევ მუქარა, რადგან მომავალში ეუბნები. ერთი პროცესის გარდა, აღარ განხილულა ეს საქმე, თუ პოლიტიკურად გავაქტიურდები, ალბათ მაგასაც გაააქტიურებენ.
შვილის ნახვას თუ ახერხებთ ახლა?
- რა თქმა უნდა, ახლაც თვენახევარი ჩემთან ცხოვრობდა, იქ რემონტი ჰქონდათ. მართლა არ ვარ კონფლიქტური ადამიანი.
- რა გეგმები გაქვთ მომავალში, რას გააკეთებდით ხელს თუ არ შეგიშლიდნენ?
- ჩემი პროფესიით ვიმუშავებდი. საცოდაობაა, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?.. ჩვენ ახლა უხუცესთა თაობაში გადავედით, წინა თაობიდან ორი სამი კაცია ცოცხალი, ჯემალ ღაღანიძე, თენგიზ არჩვაძე... ჩვენ ვართ ახლა ის თაობა, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი რომ იყვნენ...
რაც შეეხება ჩემ საქმიანობას, კინოაკადემიის გამგეობის წევრი ვარ. ბუბა ხოტივარი მე და დათო ცინცაძემ გავიყვანეთ და "ნაციონალურ" ძალებზე გავამარჯვებინეთ. ბუბა იცით, რომ კორონავირუსით მაისში გარდაიცვალა და ახლა ისევ არჩევნები უნდა იყოს. "ქართული ფილმი", რომელიც 115 წლის არის, დაშალეს და სტუდიურ კინოდ აქციეს. რაც შეეძლოთ გაყიდეს, კინოაკადემიის შენობასაც ყიდდნენ და ბეწვზე მივუსწარით.
ახლა მე და დათოს ძალიან სერიოზული რეფორმა გვაქვს დაგეგმილი - კინოცენტრი, კინოაკადემია და ქართული ფილმი, რომელიც სამ ნაწილად გაყვეს, გავაერთიანოთ და სამხატვრო საბჭო შევქმნათ. სწორედ ამ თემაზე შევხვდებით კულტურის მინისტრს არჩევნების შემდეგ.