ქართველები მიშას წლების წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს" - თინა კანდელაკი
პოლიტიკა
20-05-2022, 20:25
რუსეთში მომუშავე ჟურნალისტი, კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი "ტელგრამზე" საქართველოს შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და "ქართულ ოცნებას" პოლიტიკას უწონებს.
"ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე.
ცუდზე წერა არ მინდოდა, ხოლო კარგი ამბები საქართველოდან ბოლო წლებში არ გამიგია. ან გავრილოვს სვამენ პარლამენტში არასწორ სკამზე, ან პოზნერს დაბადების დღეს უშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველი ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.
საქართველოს დღევანდელი მმართველობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს გაეხსნა ე.წ. მეორე ფრონტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინელმა პროპაგანდისტმა - არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის, სამხედრო გზითაც. როგორც ჩანს, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები მიშას 10 წლის წინ დაემშვიდობნენ და გასტროლებზე გაგზავნეს", - წერს კანდელაკი. “გამარჯვების დღე“ წელს ძალიან თბილად და სწორად აღინიშნა საქართველოში: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა ვეტერანებთან. სახელმწიფო დახმარებები ვეტერანებისთვის და ა.შ.
როგორც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები, რომ ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლი წაშალონ, საქართველოში ეს შეუძლებელია. 1941 წელს ფრონტზე საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) წავიდა, ცოცხალი ნახევარზე ცოტა მეტი დაბრუნდა. “საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე კი რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლესი მმართველები იყვნენ ქართველები - ჯუღაშვილი და ბერია.
ამის შესახებ ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. და ვერანაირი “სააკაშვილები“ ამას წინ ვერ აღუდგებიან. სააკაშვილი უკვე დიდი ხანია მივიწყებულია და წარსულს ეკუთვნის. ხოლო დაუვიწყარია, რევაზ ჩხეიძის დიდებული საბჭოთა ფილმი "ჯარისკაცის მამა", რომელიც ჩემზე უკეთ ხსნის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის ფაშიზმზე - როგორც კაციობრიობის მთავარ ბოროტებაზე გამარჯვება.
იმედი მაქვს, რომ ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან ვხედავ არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც",- წერს კანდელაკი.
კომენტარები