სერენის მხსნელი - მიქაუტაძის წარმატებული სეზონი და დილემა ახალი სეზონის წინ
ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2022, 00:05
გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის, ზედიზედ მე-2 სეზონი ითამაშა ბელგიურ სერენში და კვლავ ამ კლუბის მხსნელი გახდა. მოლენბეკთან პლეი ოფის ორ-მატჩიან სერიაში სერენი სწორედ ქართველი ფორვარდის ერთადერთი გოლის წყალობით დარჩა ელიტაში, სადაც გუნდი შარშან გიორგიმ გადაიყვანა, როცა ჟუპილერ ლიგის პლეი ოფის ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"მადლობა ჩვენს ფორვარდს, ის კიდევ ერთხელ იყო გადამწყვეტი ფაქტორი პლეი ოფის დროს", - ასე გადაუხადეს მადლობა ბელგიური კლუბის ტვიტერზე გიორგის.
საერთო ჯამში, სერენის მაისურით მან ორ სეზონში 57 მატჩი (4 825 წუთი) ითამაშა, 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. წინა სეზონის 22 გოლს, ახლა 14 დაემატა (10 ჟუპილერ ლიგაში, 4 ბელგიის თასზე). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სერენი უკვე ელიტაში თამაშობდა და შესაბამისად, გოლების გატანაც უფრო რთული იყო. თან, გიორგიმ სეზონის დასაწყისი მეცში გაატარა და სერენს მოგვიანებით შეუერთდა.
საინტერესოა, რა მოხდება მომავალში, გიორგის იჯარის ვადა ამოიწურა და ის, წესით, მეცში უნდა დაბრუნდეს. თუმცა ფრედერიკ ანტონეტის გუნდი 25 ქულით ბოლო ადგილზეა და, დიდი ალბათობით, გავარდება ლიგა 1-დან. შესაძლოა, ლიგა 2-ში თამაშს, ისევ ჟუპილერ ლიგა და ზედიზედ მესამე იჯარა სჯობდეს.
წლეულს სერენის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი აღარ დაასახელეს, პრიზი მიიღო იუსეფ მაზიზმა (8 გოლი, 8 საგოლე პასი). ხუთ კანდიდატში ერთ-ერთი 21 წლის ქართველი ფორვარდიც იყო.
whoscored.com-მა ამ სეზონში გიორგი 3-ჯერ დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (საშუალო შეფასება 6.63). ის მატჩში საშუალოდ 3.1-ჯერ არტყამდა კარში, რაც ჟუპილერ ლიგაში მე-4 შედეგია, დრიბლინგით კი (1.5 საშუალოდ მატჩში) ქართველი ფორვარდი ჟუპილერ ლიგაში მე-8 იყო.
კომენტარები