მინდა სააკაშვილს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა... როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?" - პრემიერი
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს , - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა.
მისივე თქმით, არავის სურს მიხეილ სააკაშვილს უმკურნალონ საქართველოში, რადგან მისი გარემოცვის მიზანია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება.
"მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი, ამ ადამიანს რა სჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი, რომ ჩამოსვლის დღიდან გადაწყვეტილი ჰქონდა აქ რევოლუცია და სისხლისღვრა მოეწყო. ციხეში ჩასმის დღიდან, ჯერ უკრაინაში ომი არ იყო დაწყებული, ემუქრებოდა ყველას: "თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება", ამის მუქარებს აგრძელებდა სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა რეკორდი მოხსნა. ვნახეთ ისიც, რომ კადრები გავრცელდა, თურმე ის ჭამდა კიდევაც, ფარულად მიიღებდა საკვებს. აღარ მინდა ამაზე საუბარი. სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, შემდეგ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში. საკუთარ თავს აჯერებდა, რომ ისე „კარგად თამაშობდა“ და ატყუებდა ყველას, რომ დაიჯერებდნენ მის შიმშილობას, იმას, რომ ცუდადაა და ყველა გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხდება. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, არავის მივცემთ უფლებას ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი.
მე ბევრი მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? რატი ბრეგვაძე გამოვიდა და საჯაროდ შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ. ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული.
"ომის პარტია, დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, ისინი რას იტყვიან. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებსა და “ლუზერებს” არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.
ამასთან, მე, როგორც ადამიანმა ადამიანს, გულწრფელად მინდა სააკაშვილს ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.