ბარსელონა ლევანდოვსკის წარმომადგენელს უკვე ორჯერ შეხვდა - რა არის პოლონელის მთავარი მოთხოვნა?
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-04-2022, 00:47
„ბარსელონა“ „ბაიერნის“ ლიდერ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსას“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის მინიმუმ ორჯერ შეხვდნენ და ეს შეხვედრები დადებითად წარიმართა. გადამწყვეტი როლი შეხვედრების დადებითი კუთხით წაყვანაში „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და ფეხბურთელის აგენტს შორის კარგი ურთიერთობა გახდა.
ზაჰავიმ „ბარსელონას“ ლევანდოვსკის დამატება ჯერ კიდევ იანვარში შესთავაზა. მხარეები მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან და „ბლაუგრანა“ 33 წლის ფეხბურთელის გარშემო შექმნილი ვითარების საქმის კურსშია.
ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ გადასვლა ნამდვილად სურს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი კარიერის გერმანული ეტაპი დასრულებულია. მოლაპარაკებები ბაიერნთან ახალ კონტრაქტზეც არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს, რაც პოტენციურ ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.
პირველ რიგში, მოლაპარაკებებში სირთულეს ის ქმნის, რომ „ბაიერნი“ ბომბარდირს 2023 წლამდე გათვლილი კონტრაქტის მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, რაც რობერტს არ მოსწონს.
ლევანდოვსკის სურს, რომ მინიმუმ 3-სეზონიანი კონტრაქტი მიიღოს ახალი ან მოქმედი კლუბისგან, რადგან მიიჩნევს, რომ ასაკის მიუხედავად, უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეუძლია. გარდა ამისა, მას უნდა, ითამაშოს გუნდში, რომელიც მუდმივად ყველაზე დიდი ტურნირების მოგების პრეტენდენტებს შორის მოიაზრება.
კომენტარები