რუსების აქ შემოსვლაში ვერ შევზღუდავთ, მათი შემოსვლა ჩვენთვის ფინანსურად დიდი წარმატებაა - ლაშა პაპაშვილი რუსებზე
პოლიტიკა
18-03-2022, 18:11
ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი რისკებს ვერ ხედავს, თუ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უძრავ ქონებას შეისყიდიან და ოფისებსაც ჩვენთან გადმოიტანენ. საკითხზე პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.
„ზურგზე ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენ. ნახევარი ნიუ-იორკი ჩინელების და იაპონელების ნაყიდია და მანდ რაიმე მიზეზით ვინმემ შეზღუდა უძრავი ქონების შესყიდვა? ასეთი რამე დაუშვებელია. ეს არის ემოცია, ომის ფონზე ეიფორიაა, თუმცა, პოლიტიკოსების და ბიზნესმენების ხედვა უფრო მშვიდი და ბრძნული უნდა იყოს“ – აცხადებს პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.
მისივე განმარტებით, როგორც უკრაინაში, ისე რუსეთში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ეს კი დიდი სტრესია. „უკრაინაში სისხლისღვრაა, რუსეთში კი ბევრია მთავრობით უკმაყოფილოა. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი მეზობელი, შესაბამისად, მოქალაქეებს აქ შემოსვლაში ვერ შევზღუდავთ. გარდა ამისა, მათი შემოსვლა ჩვენთვის ფინანსურად დიდი წარმატებაა,“ – აცხადებს პაპაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” და იქვე დასძენს, რომ თუ რუსეთის მოქალაქეები ოფისებს საქართველოში გადმოიტანენ, ეს ფული ეკონომიკაში აკუმულირდება.
კომენტარები