რუსეთი როგორც კეთროვანი - სრული წარუმატებლობა სამხედრო და საფეხბურთო ფრონტზე
პოლიტიკა
27-02-2022, 00:44
რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთისთვის უნდა ემასპინძლა, მეორე წყვილში კი ერთმანეთს ჩეხეთი და შვედეთი შეხვდებიან. რუსეთის უკრაინაში მუხანათურად ომის დაწყების გამო ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ეროვნულმა გუნდებმა ჯერ რუსეთში თამაშზე თქვეს უარი, ახლა კი რუსეთთან ნეიტრალურ მოედანზე დაპირისპირებაზეც უარი განაცხადეს.
"საკმარისია ლაპარაკი, მოქმედების დროა! უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის გამო, პოლონეთი რუსეთთან თამაშს არ აპირებს. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემს ძვირფას მეგობარს, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი პაველკოს ვესაუბრე და ვითარების სტაბილიზაციამდე მატჩების ჩვენთან ჩატარება შევთავაზე. უკრაინულმა მხარემ ჩვენი
წინადადება მიიღო", - წერს "ტვიტერზე" პოლონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი ცეზარი კულეშა.
პოლონეთის ნაკრების პრესატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ თქვა, რომ რუსეთთან არ ითამაშებენ და მზად არიან ტექნიკური წაგება ჩაეთვალოთ.
რუსეთის ნაკრებთან თამაშზე ბოიკოტს მხარი პოლონელთა გუნდის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაუჭირა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ფეხბურთის კავშირს მიღებული გადაწყვეტილება მოუწონა. "სწორია. არ არის საჭირო ბანდიტებთან თამაში", - დაწერა დუდამ სოციალურ ქსელში.
კომენტარები