ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს - პუტინი
პოლიტიკა
17-03-2022, 22:20
ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს - პუტინი
ჩვენ ვიბრძვით რუსეთის სუვერენიტეტისთვის - ასე აუხსნა თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებს კრემლის მიერ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის მიზნები.
პუტინი, ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" წარმატებულია და წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ჯარისკაცები "გმირობას იჩენენ" და ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს.
ცნობისთვის, უკვე არაერთი მასალა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც რუსი ჯარისკაცები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ისინი აგრძელებენ დაბომბვას მაშინაც კი, როცა ჰუმანიტარული დერეფნებით მოქალაქეები ქალაქებიდან გასვლას ცდილობენ. ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა არაერთ ქალაქში არაერთი საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, ბაღი, სკოლა და სხვა სამოქალაქო დაწესებულება ააფეთქა. მხოლოდ გუშინ მარიუპოლში მათ თეატრი ააფეთქეს, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდება თავს. შენობასთან იყო წარწერა "ბავშვები".
"ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებულია და ის წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ჩვენი სპეციალური ოპერაცია საბაბია დასავლეთის სანქციებისთვის. მათი მიზანია მთელს ჩვენს სამამულო ეკონომიკას და თითოეულ ოჯახს მიაყენონ ზიანი. ხომ გვახსოვს როგორ უჭერდა დასავლეთი მხარს ტერორისტებსა და ბანდიტებს სამხრეთ კავკასიაში. ახლაც სურთ რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ. რუსეთის არასოდეს იქნება ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში. ეს არის ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტისთვის. ვიბრძოლებთ, დავრჩეთ რუსეთად", - თქვა პუტინმა.
შეხვედრაში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც მონაწილეობდა, რომელსაც პუტინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამ ომში ჩეჩენი სამხედროების მონაწილეობის გამო.
კომენტარები