სააკაშვილს, კვლევის მძიმე შედეგებით, ფრჩხილებიდან ამოუვიდა ნივთიერება დარიშხანი... პროცესს რომ დაესწროს, ან საკაცით უნდა წამოვიდეს, ან ეტლით" -ადვოკატი ესქპრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ
ბრძოლის განწყობაზეც კი საუბარი ზედმეტია. სააკაშვილი არის ძლიერი მედიკამენტების ქვეშ. ფაქტობრივად, სასჯელის მიზანი ვერ ხორციელდება, ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის, არის "ვივამედში“ ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ-ქალაქში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ფრჩხილის კვლევის შედეგად ორგანიზმში მეოთხე ნივთიერება - დარიშხანი აღმოაჩნდა.
ადვოკატის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
"მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გადაცემულია ამერიკაში ერთ-ერთი საუკეთესო ტოქსიკოლოგისთვის, რომელსაც დაესვა კითხვები - ის სამი ნივთიერება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგებშია და ასევე, ფრჩხილებიდან ამოუვიდა მეოთხე ნივთიერება დარიშხანი, რას იწვევს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მას ბევრი დიაგნოზი ვერ დაესვა, მაგალითად რატომ აქვს სულ 38 გრადუსი სიცხე, წონის კლება და ა.შ. ვეკითხები ექიმებს, ექიმებიც ცდილობენ, გვეუბნებიან - "რა გავაკეთოთ, გვითხარით“.
მე ვთხოვე მიხეილ სააკაშვილს, რომ იქნებ რომელიმე სასამართლო პროცესზე წამოვიდეს, რომ შეხედოს საზოგადოებამ და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი სასამართლო სხდომა როცა გამოცხადდება, ის მოვიდეს. მას გადაადგილება უჭირს. პალატაში, სადაც იმყოფება სულ 3-4 ნაბიჯის გადადგმა შეიძლება და დამხმარე საშუალებით დადის. ან საკაცით უნდა წამოვიდეს პროცესზე, ან ეტლით. მას აქვს რამდენიმე წამყვანი დიაგნოზი, რომლითაც სასჯელის გადავადების სამართლებრივი საფუძველი უკვე შექმნილი გვაქვს. შუამდგომლობაც მზად მაქვს იმისთვის, რომ მივმართო სასამართლოს.
ბრძოლის განწყობაზეც კი, საუბარი ზედმეტია. ეს ადამიანი არის ძლიერი მედიკამენტების ქვეშ. ფაქტობრივად, სასჯელის მიზანი ვერ ხორციელდება, ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის, არის "ვივამედში“ ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.
გარდა ამისა, ხაჭაპურიძემ ისაუბრა იმაზეც, რატომ დათანხმდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გამხდარიყო.
"მომივიდა თავად სააკაშვილის წერილი, მთხოვდა შეხვედრას და ადვოკატობის საკითხზე გასაუბრებას. დაახლოებით, ერთი თვე ვფიქრობდი და მეორეჯერაც იყო მოსული მისი ახლობელი, რომელმაც მთხოვა. გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ "ქართულ ოცნებას“, ვერ ვიპოვით ისეთ ადამიანს, რომელსაც იმაზე მეტი ზიანი მიეყენებინოს "ნაციონალური მოძრაობისთვის“, რაც მე. ნიკა გვარამიას დაჭერის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ არა პოლიტიკური კუთხით, არამედ წმინდა წყლის პროფესიონალური კუთხით შეერჩია ადვოკატი. მე არ ვიცი ვინ ურჩია, თუმცა მისი თანაგუნდელები მე მიცნობდნენ, კურსელები იყვნენ ჩემი - გია გეწაძე და ზურაბ ადეიშვილი, მაგრამ ადეიშვილიც ამ რეჟიმში იყო და მის მიმართაც არაერთი განცხადება მქონდა გაკეთებული. მე როგორც ვიცი იქ იყო საუბარი (ჩემზე), "ოპოზიციაში, რომ იყო საკმაოდ დიდ პრობლემებს გვიქმნიდა როგორც ადვოკატიო“. მას რომ შევხვდი დავრწმუნდი, რომ ის ეძებდა წმინდა წყლის ადვოკატს. ფაქტობრივად, მე მიშასთან შევედი იმიტომ, რომ ამეხსნა, ეს არ გამოვიდოდა, რადგან ოპონენტი ვიყავი და ძალიან აფორიაქებული ვიყავი შინაგანად, მაგრამ როცა დავინახე მაგ თემაზე აღარც გვილაპარაკია და ვუთხარი, რომ ვიქნებოდი მისი ადვოკატი.
მე არ მეგონა თუ ასეთი რთული "ქეისი“ შეიქმნებოდა, თორემ შეიძლება კიდევ უფრო დავფიქრებულიყავი“, - განაცხადა ადვოკატმა.