
ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო" - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს
ნაპოლის" რიგებში ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. "ნაპოლიმ" შინ "ბოლონია" მიიღო და ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას ხვიჩას ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად თეთრი სამაჯური ეკეთა. სამაჯურზე უსასრულობის ნიშანი იყო და მარიტა ეწერა.
მატჩის შემდეგ "კვარამ" ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:
"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო."
დაძაბული მატჩის მოგებაში კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. "ნაპოლის" ფეხბურთელებიდან გოლები ჟეზუსმა, ლოზანომ და ოსიმენმა გაიტანეს. ლოზანოს გოლში უდიდესი წვლილი კვარაცხელიამ შეიტანა, რადგანაც ის სწორედ ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა.
ხოლო "ნაპოლის" მესამე გოლი "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა. მისი საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა და თავის გუნდს უპირატესობა მოუტანა. "კვარა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
რაც შეეხება ტრაგიკულად გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილს - 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში ბავშვები ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მარიტა შადრევანში თავისი მეგობრების გადასარჩენად ჩავიდა.
მარიტას გარდა, დაშავებული იყო ორი ბავშვი, რომელთა გადარჩენაც მოხერხდა და ისინი უკვე კლინიკიდან გაწერეს.