ვის და როგორ შეუძლია მიიღოს 200-ლარიანი დახმარება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - დეტალები
პოლიტიკა
26-07-2022, 22:44
ვის და როგორ შეუძლია მიიღოს 200-ლარიანი დახმარება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - დეტალები
ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც მოსახლეობისთვის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.
"პრაიმტაიმი" გთავაზობთ სტატიას, ვის და როგორ შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა.
რას ითვალისწინებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა?
პროგრამის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით.
ვის შეუძლია ისარგებლოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით?
ამ პროგრამის ბენეფიციარია ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითიმაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება ან ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით, იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.
დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, ბავშვი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ხოლო მშობელი საქართველოს მოქალაქე / საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე.
2021 წელს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონები (მიმდინარე წლის მონაცემებით, 2022 წელს პროგრამაში ახალი რეგიონის ჩართვა გათვალისწინებული არ არის).
ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება?
ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად?
ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება (ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად) წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში - საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
- კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
- მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად.
კომენტარები