"თუ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა, მესი მბაპეს უნდა ემსახუროს", - პარიზელთა ექს-ფეხბურთელი
ახალი ამბები / ფეხბურთი
17-02-2022, 00:55
პსჟ-ს“ ექსფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, „რეალთან“ მატჩის შემდეგ ლეო მესის და კილიან მბაპეს ფაქტორზე ისაუბრა.
„მბაპეს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მისგან რაღაც მსგავსს ველოდით. წარმოუდგენელი მატჩი ჩაატარა და გუნდს კვლავ გამარჯვება მოუტანა. ის შესანიშნავია, როცა მის ქმედებებს ვუყურებ, მგონია რომ მე და ის სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლები ვართ.
მბაპეს გუნდი ეხმარებოდა, რომელიც ამჟამად იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ჩვევია. უნდა იყოს თუ არა მბაპე „პსჟ-ს“ შეტევის ლიდერი? ეს აშკარაა. განურჩევლად იმისა, შემდეგ სეზონში ის „პსჟ-ში“ იქნება თუ „რეალში“, ის ყველა გუნდში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება.
ის ყველას იმდენად აღემატება, რომ ავტომატურად გუნდს მბაპეზე დამოკიდებულება უჩნდება. კილიანი მუდმივად მოძრაობაშია, სულ რაღაც სასწაულს აკეთებს.
მესი მბაპეს უნდა მოემსახუროს, ეს აშკარაა. მე კი ლეოს მოედანზე ვერ ვხედავ. შვიდ ოქროს ბურთზე ლაპარაკსაც არ დავიწყებ.
დღეს მესი და ნეიმარი ნიჭიდან გამომდინარე მბაპეზე უკან დგანან, მათ შეუძლიათ ამის მიღება, მაგრამ სახალხოდ ამას არ აღიარებენ. თუ „პსჟ-ს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა, მათ მოუწევთ რომ მბაპეს ემსახურონ.“ - აღნიშნა როტენმა.
კომენტარები