უეინ რუნის სკანდალური და გულახდილი ინტერვიუ: მინდოდა, ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა... როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, ყოველთვის ალკოჰოლს უკავშირდებოდა!..
ახალი ამბები / ფეხბურთი
11-02-2022, 00:47
ამ კვირის ბოლოს, Amazon Prime-ის პლატფორმაზე გამოდის დოკუმენტური ფილმი სათაურით - "რუნი". პრემიერის წინ უეინ რუნიმ ინტერვიუ მისცა ინგლისური მედიის გიგანტებს. გაზეთმა "თაიმსმა" ამ საუბარს "ყველაზე გულახდილი" უწოდა.
ეს სიმართლეს ჰგავს: "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა ილაპარაკა შინაგან დემონებთან, ალკოჰოლთან, მრისხანებასთან რთული ბრძოლის შესახებ...
უბრალოდ, ვიკეტებოდი და ვსვამდი...
"დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამკლავება მესწავლა. ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომელშიც თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი.
ბევრი შეცდომა დავუშვი. ხანდახან ჩემი ინციდენტები პრესაში ხვდებოდა. ჩემთვის მძიმე იყო ამ ყველაფრის გამკლავება, რასაც გაზეთები აკეთებდნენ. ასევე რთული იყო ის, რომ საქმე მქონდა მთავარ მწვრთნელთან ფერგიუსონთან და ჩემს ოჯახთან.
იყო პერიოდები, როცა მატჩებს შორის ორდღიანი შესვენებებისას, უბრალოდ ოთახში ვიკეტებოდი და ვსვამდი, რათა ეს ყველაფერი თავიდან ამომეგდო. ხალხმა იცოდა, რომ ხანდახან დალევა მიყვარდა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. ეს იყო ის, რაც ჩემს თავში ხდებოდა".
მაშინ არ იყო მიღებული ასეთი თემების განხილვა...
"ყველაფერი ერთმანეთს ეწყობოდა - საკუთარი ქვეყნისთვის და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" თამაში, ზეწოლა იმის გამო, რაც პირად ცხოვრებაში ხდებოდა. როცა ვიზრდებოდი, მაშინ არ იყო მიღებული ვიღაცასთან ასეთი თემების განხილვა. თავად უნდა გამკლავებოდი ყველაფერს და დახმარება არ უნდა გეთხოვა.
დღეს ხალხი განიხილავს ასეთ თემებს. მაშინ კი მე ვერ წარმომედგინა, რომ შევიდოდი გასახდელში და საკუთარ გრძნობებზე დავიწყებდი ლაპარაკს. შედეგად, შინაგანად იტანჯები და აზრებსა და გრძნობებს გარეთ ვერ უშვებ".
საკუთარი თავი ლოთად არ მიმაჩნდა
ეს პერიოდი დაემთხვა "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველ წლებს - მაშინ უეინმა რამდენჯერმე მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ბევრი გოლიც გაჰქონდა.
"ასე ვიყავი სამი-ოთხი წელი. და მაშინ, ალბათ. ჩემს საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდი. ეს იყო პრობლემის ნაწილი, რადგან შენ კარგად თამაშობ და ფიქრობ, რომ ყველაფერს გაპატიებენ. ამან გვიან წლებში იჩინა თავი "მანჩესტერ იუნაიტედში". უკვე ვეღარ ვქაჩავდი, როგორც სპორტსმენი.
როცა რაღაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ყოველთვის ალკოჰოლს უკავშირდებოდა. და არაფერი ცუდი არ ხდებოდა, როცა ფხიზელი ვიყავი. ამიტომაც მომიწია ამ საკითხის მოგვარებამ. ახლა, ალკოჰოლთან ნორმალური დამოკიდებულება მაქვს. პრობლემა არ არის. დრო და დრო ვსვამ. მაგრამ არა ისე, როგორც ადრე ვაკეთებდი. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ არასოდეს ყოფილა მომენტი, როცა საკუთარი თავი ლოთად მიმაჩნდა".
ბრაზი და მრისხანება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - შინაგანი ბრაზი და ფეთქებადი მრისხანება, რომელიც ამოძრავებდა რუნის როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
"ბავშვობაში ბრაზიანი და აგრესიული ვიყავი. თქვენ გასწავლიან ბრძოლას იმისთვის, რისი მიღწევა და აღება გსურთ. ასე მარტივად არაფერი მოდის. გარკვეულწილად, ეს კარგია, ეს მეხმარებოდა თამაშში.
კარიერის დასაწყისში გაცილებით ბრაზიანი ვიყავი და სულელურ წითელ ბარათებს ვიღებდი. როცა ვსვამდი, ჩემში მრისხანება იფეთქებდა ხოლმე. შემდეგ ვისწავლე ამის კონტროლი. და როცა გონებაში ყველაფერი დავალაგე, ჩემი თამაშიდან თითქოს რაღაც გაქრა. ეს გაუწონასწორებლობა არაპროგნოზირებადობას მმატებდა მოედანზე".
კრიშტიანოზე არ გაბრაზებულა...
რუნიმ აღიარა, რომ 2006 წელს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" მატჩის წინ, ბუცებზე უფრო გრძელი ქაცვები დააყენა - ის ისე ბრაზობდა იმის გამო, რომ "ჩელსი" მალე ჩემპიონი გახდებოდა, რომ უნდოდა ვინმესთვის ტკივილი მიეყენებინა.
პარადოქსულია, მაგრამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაძევების შემდეგ (რუნიმ მაშინ ფეხი დააბიჯა რიკარდო კარვალიოს, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდო მსაჯისგან რუნის გაგდებას ითხოვდა), არავის ცემის სურვილი არ ჰქონდა.
"შევხვდი რონალდოს მატჩის შემდეგ და ვუთხარი: "ახლა პრესისგან მოგხვდება. მეც. მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვარ ფოკუსირებული. არანაირი პრობლემა. მეც იგივეს გავაკეთებდი, ოღონდ კი ინგლისს მოეგო. წინ მთელი წელი გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ლიგის მოგება". ეს მართლაც არასოდეს ყოფილა პრობლემა. მე პირველ ტაიმში მისთვის ყვითელი ბარათის მიცემას ვითხოვდი სიმულაციის გამო. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, სპეციალურად დავაბიჯე თუ არა კარვალიოს".
კომენტარები