"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ახალი ამბები / სხვა
20-01-2022, 01:18
გასულ წელსაც ყველაფერი მოიგო: ოქროს მედლები ოლიმპიადაზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, დაამყარა უამრავი რეკორდი, გახდა პლანეტის საუკეთესო ძალოსანი, საქართველოს წლის სპორტსმენი. თუმცა დიდი შესავალი არც არის საჭირო - უბრალოდ, წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან:
- ახალი წლის დადგომას წელსაც მშობლიურ საჩხერეში, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი. ადგილი, სადაც გავიზარდე, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი ძალოსნობაში (ჩემი პირველი მწვრთნელი მამა იყო), გამორჩეულად ძვირფასია. საჩხერის დარბაზში ვარჯიშისას დღემდე განსაკუთრებული ემოციით ვივსები. უფლის წყალობით, ბოლო წლებში ისეთი შედეგები მაქვს, უმადური უნდა ვიყო, გასული წელი მადლიერებით
არ გავაცილო ხოლმე. ასე იყო ამჯერადაც. ახალი წლის შემოსვლას კი მთელი ოჯახი დიდი სიხარულით და იმედით ვხვდებით.
- ყოველი წლის ბოლოს ასეთივე განწყობას გისურვებ! და მაინც, რა შეიძლება იყოს განსაკუთრებული საჩუქარი პლანეტის უძლიერესი მამაკაცისთვის, რომელსაც ერთი ოცნებაც კი აღარ დარჩა "ასაწევი"?
- მადლობა უფალს იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს, რაც მომიგია... ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედნიერება ის არის, ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელად რომ მყავს ბებია-ბაბუების ჩათვლით! საჩუქარი? რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი გამარჯვებებია, ის სიყვარული, რასაც გულშემატკივრისგან ვგრძნობ.
- სეოკის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო სპორტსმენებად "ტოკიო-2020"-ის ჩემპიონები - ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე დასახელდნენ: საერთაშორისო მასშტაბის აღიარება უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე შენთვის თუ საქართველოში საუკეთესოდ დასახელება?
- რამდენიმეჯერ მაღიარეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად. ხმის მიცემაში ყველა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავ, რომ არამარტო საქართველოში მაფასებენ. თუმცა სამშობლოში საუკეთესოდ დასახელება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- მთლად სერიოზულად ნუ მიპასუხებ, მაგრამ... ყველა ტურნირსა თუ გამოკითხვაში პირველი ხარ და "წლის სპორტსმენის" წოდების ბექაურთან გაყოფამ უჩვეულო მდგომარეობაში ხომ არ ჩაგაგდო?
- 2019 წელს "წლის სპორტსმენებად" ერთდროულად დაგვასახელეს მსოფლიოს ექვსი ჩემპიონი. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მეტისმეტ თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა. ისიც მიხარია, რომ ასევე დამსახურებულად გამოარჩიეს ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშას წარმატებას ვუსურვებ, ეს აღიარება კიდევ მეტ სტიმულს მისცემს. სამშობლოში დაფასება ყოველთვის არის დამატებითი მოტივაცია, რათა თავდაუზოგავი შრომა არ შეწყვიტო.
- კიდევ ერთმა ლაშამ, შავდათუაშვილმა, მითხრა: ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშის გაცდენის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევსო! ამდენი ტიტულის მოპოვების შემდეგ რთულია ყოველდღე ერთნაირი მონდომებით ივარჯიშო. "სიზარმაცეს" როგორ ებრძვი?
- 17 დეკემბრის შემდეგ (მსოფლიო ჩემპიონი სწორედ ამ დღეს გახდა. - რ.შ.) ბოლო დღეებამდე აღარ მივარჯიშია და აშკარად ვგრძნობდი, როგორ კარგავდა ფორმას ყოველდღიურ ვარჯიშს მიჩვეული ორგანიზმი. მიხარია, რომ უკვე დავუბრუნდი დარბაზს. ძალოსნობაში ტრავმა განსაკუთრებით ხშირია. ასაკის მატებასთან ერთად, მეც მეტი სიფრთხილე მმართებს, თუმცა ჯერ არც მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი, არც თავის დაზოგვას ვაპირებ - მინდა ყველა ტურნირში მაღალი შედეგი მქონდეს! რაც შეეხება შავდათუაშვილს, ლაშა უდიდესი სპორტსმენია, საოცრად მშრომელი ბიჭი, რომელიც წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს და მიაღწია კიდეც უნიკალურ შედეგებს. სხვათა შორის, ლაშასთან ამ თემაზეც მისაუბრია და იმის მიუხედავად, რომ სიზარმაცეს ვერავინ დაგვწამებს, ზოგჯერ ჩვენც გავიფიქრებთ ხოლმე, მზადებას რამე ხომ არ დავაკელით?! წელიწადში 10-11 თვე შტანგასთან ჭიდილი იოლი არ არის, ვარჯიში მეც დამზარებია, მაგრამ როცა იცი, ამ შრომით რამხელა სიხარული მოგაქვს გულშემატკივრისთვის, თავს მოდუნების უფლებას აღარ აძლევ.
- თეორიულად ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ხუთჯერ მოგებას რვა ტიტული სჯობს, ორ ოლიმპიურ ოქროს - უმაღლესი სინჯის ოთხი მედალი და ა.შ., მაგრამ პრაქტიკაში როგორაა: სად პოულობს მოტივაციას ყველაფრის მომგები სპორტსმენი?
- ალბათ, მთავარი ის არის, რომ კმაყოფილების გრძნობა არასდროს დამრჩენია. როცა აეროპორტში მომლოდინე უამრავ გულშემატკივარს ხედავ, ხვდები, რომ კიდევ ბევრჯერ გინდა განიცადო იგივე სიხარული. მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო.
- ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე... შესაძლებელია შევადაროთ ემოციები პირველი ოქროს მოგებისას და ოლიმპიადაზე მეორედ გამარჯვების შემდეგ?
- 2016 წელს ჯერ კიდევ გამოუცდელი სპორტსმენი ვიყავი. უკვე მქონდა მოგებული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, მაგრამ ოლიმპიადაზე პირველად მოვხვდი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, გამარჯვება რამხელა პასუხისმგებლობას დამაკისრებდა. ტოკიოში კი გაცილებით გამოცდილი ჩავედი, თანაც ჩემგან მხოლოდ ჩემპიონობას და რეკორდს ელოდნენ და გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ოლიმპიადის გამართვას ხუთი წელი ველოდით, ყოველდღე ვიტესტებოდით, ბევრს ვნერვიულობდით და რა გასაკვირია, რომ ამდენი წვალების შემდეგ ორმაგად ვიყავი მონდომებული.
- ერთხელ თქვი, ფიცხი ხასიათი მაქვსო. არადა, გარეგნულად არაფერი გეტყობა. პირიქით, მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხარ. რას შეუძლია ლაშა ტალახაძის მდგომარეობიდან გამოყვანა?
- ხშირად არა, მაგრამ ხანდახან წამიერად "ავენთები" ხოლმე ან ცოტას წავიბუზღუნებ და მალევე ვმშვიდდები. რამდენჯერმე მკითხეს, ტაშკენტში, 267 კილოგრამის აწევის შემდეგ, მსაჯებს რას უყვიროდიო? დარწმუნებული ვიყავი, რომ წონა წესების დაცვით დავძლიე. ფიცარნაგიდან ჩასვლის შემდეგ ჟიურის წევრებს ხელით ვანიშნე, გადაამოწმეთ-მეთქი, მაგრამ მალევე დავინახე, რომ გიორგი ასანიძეს ბარათიც არ გამოართვეს: საეჭვო და გადასამოწმებელი არაფერი იყო!
კომენტარები