მოულოდნელად შეცვლილი სიტუაცია - როცა ინგლისისა და გერმანიის ამბები ქართველების გამო გაინტერესებს...
ახალი ამბები / ფეხბურთი
5-02-2022, 01:07
ქართველი გულშემატკივრები ლეგიონერების შესახებ განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ, თითოეული მათგანის წარმატება ხომ ეროვნულ ნაკრებსაც უკავშირდება. უქმეებზე ყველა გაფაციცებით ველოდებით, რომელიმე ჩვენებურმა მეტოქის კარი აიღოს...
სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ელიტურ ლიგებში ნაკლებად ვმონაწილეობთ. ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც სერია "ა"-ში გამოდიოდა, ასეთი ფუფუნება აღარ გვქონდა, სანამ გასულ შემოდგომაზე გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" კარი არ დაიცვა...
2021 წლის ზაფხულში იყო განცდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია რომელიმე ტოპ-ლიგაში იასპარეზებდა, თუმცა ეს ამბავი გადაიდო. გარკვეული პერიოდი თითქოს ნიჰილიზმმაც კი შეგვიპყრო, მაგრამ ერთდროულად 2 კარგი ინფორმაცია გავიგეთ - ერთი მოულოდნელი და ერთიც
მოსალოდნელი - შოთა არველაძის მიერ "ჰალის" შესაძლო გაწვრთნაზე თუ ვიცოდით, გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" ჩარიცხვამ სასიამოვნოდ გაგვაკვირკვა. რა თქმა უნდა, ჩემპიონშიპი პრემიერლიგა არაა და ვერც მეორე ბუნდესლიგა იქნება პირველი, მაგრამ უახლოეს უქმეებზე ინგლისური და გერმანული ფეხბურთით რომ ქართველების გამო ვინტერესდებით, ეს უკვე კარგია, რა თქმა უნდა, არასაკმარისი...
ჩაკვეტაძის მონდომება
ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიური "გენტის" თამაშებს უინტერესოდ და გულდაწყვეტილი ველოდით, რადგან იქ "ჩაკვეს" გამოჩენის იმედი აღარ გვქონდა. ახლა ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადავიდა. ვკითხულობთ, როგორ იწონებს "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი ქართველი ნახევარმცველის მონდომებას, გერმანული მედია გიორგის საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს და დასაწყისისთვის, ეს უკვე ძალიან კარგია. დანარჩენი მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული.
გერმანულ ფეხბურთთან, თუკი ლევან ყენიას სამწუხარო მაგალითზე არ ვისაუბრებთ, კარგი მოგონებები გვაკავშირებს - ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, კახა ცხადაძე... ჩაკვეტაძის ნიჭი იმედს გვაძლევს, რომ ის თავის სრულყოფილად რეალიზებას შეძლებს.
მეორე ბუნდესლიგაში მართლაც დიდი გუნდები მონაწილეობენ - "ვერდერი", "შალკე" და "ჰამბურგი" ცხრილში ერთმანეთის მიყოლებით არიან, მათ წინ კი "სტ. პაული" და "დარმშტადი" იმყოფებიან. სწორედ ამ უკანასკნელთან ველით გიორგის დებიუტს - კვირას, 6 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე. შორს არც "ვერდერთან" მატჩია - 27 თებერვალს. ასე რომ, ჰამბურგელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა.
მთავარ მწვრთნელ ვალტერსა და კლუბის ხელმძღვანელობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე მხოლოდ ერთი მოთამაშით გაძლიერდნენ. ჩაკვეტაძეს შეუძლია ეს საუბრები ჩააცხროს - ის ამისთვის დროს ნამდვილად მიიღებს...
შოთას ამბები
შოთა არველაძემ სადებიუტო შეხვედრა მოიგო და ეს ფსიქოლოგიურად ცოტას არ ნიშნავს. მატჩამდე ქართველმა სპეციალისტმა გუნდთან სულ ორი ვარჯიში ჩაატარა. ასე რომ, ბევრ რამეს ვერ შეცვლიდა. ახლა კი უფრო საინტერესო იწყება - შოთას ტაქტიკური სქემების ნახვა, მოთამაშეებთან კომუნიკაცია, შეხვედრის დროს სცენარების შეცვლა და ა.შ.
ქართველ სპეციალისტს საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნია და არც ურთიერთობები უნდა დაეწუნებოდეს. ეგაა, მან ახლა გუნდის სათანადოდ გაძლიერება ვერ მოასწრო და ამ ამბავმა მომავალი ზაფხულისთვის გადაიწია.
გულშემატკივრები საკმაოდ ბევრს წერენ, თუ რომელი ქართველი ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს შოთას გუნდში. ხვიჩა კვარაცხელიასაც ასახელებენ... სატრანსფერო ამბები ასე მარტივად, მხოლოდ მწვრთნელის სურვილზე დამოკიდებული არაა, მაგრამ შოთას მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, იქ ქართველ მოთამაშეებს ნაკლებად წავაწყდებით. ასეთ დროს უფრო თემურ ქეცბაია გვახსენდება...
"ჰალის" მეტოქე შაბათს, 5 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე "პრესტონი" იქნება. არველაძის გუნდს წარმატების მიღწევა მასზე 5 საფეხურით წინ, მე-13 ადგილზე მყოფ მეტოქესთანაც შეუძლია. მატჩის წინ, 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა ახალწვეულებზე კომენტარი გააკეთა:
"სეზონის ბოლომდე ბევრი მატჩია და მჯერა, რომ გავძლიერდებით. საიადმანეშის ადაპტაციით გაკვირვებული ვარ - პირველივე ვარჯიშიდან ძალიან აქტიურია.
მარკუს ფორსმა ვარჯიშებზე აჩვენა, რომ როცა არავინ ელოდება, მაშინ შეუძლია გატანა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გაგვაძლიერებს. ლიამ უოლში თამაშს გრძნობს, იცის, როდის უნდა წავიდეს წინ, როდის შეიცვალოს ფლანგი."
შოთას მორიგ ტურში ლეგენდარული უეინ რუნის "დერბი" ელის, რომელიც აუტსაიდერია; 12 თებერვალს კი ყველაზე სერიოზული გამოცდა - ლიდერ "ფულემთან" დაპირისპირება, სადაც ისევ სერბი ალექსანდრ მიტროვიჩი მძლავრობს - მოედანს, ფაქტობრივად, უგოლოდ არ ტოვებს და მიმდინარე სეზონში უკვე 28 შედეგიანი დარტყმა და 7 საგოლე პასი აქვს.
კომენტარები