გაყოყოჩებული ნგანუს მორიგი ბრძოლა - მიგრანტების ზღვაში დაკარგული გემიდან ჩემპიონობამდე: გზად ესპანეთის ციხე და მაწანწალობა პარიზში
ახალი ამბები
29-01-2022, 01:16
ფრენსის ნგანუ UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონია და მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადამიანად მიიჩნევა. მისი ზედმეტი სახელი "მტაცებელია", რაც კარგად ასახავს ფრენსის გარეგნობას თუ ბრძოლის მანერას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო ხელოვნების სამყაროში კამერუნელს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს. მას სჭირდება ერთადერთი სუფთა დარტყმა და მოწინააღმდეგე უგონოდ ეცემა ოქტაგონზე.
ჩატარებული კვლევებით, ნგანუს ერთი დარტყმა 96 ცხენის ძალის ენერგიას წარმოქმნის. ეს კი დაახლოებით იგივე ძალაა, ფორდ ესკორტი რომ დაგეჯახოთ, მისი მაქსიმალური სიჩქარით. გამომდინარე იქიდან, რომ აფრიკელი უსამართლოდ აღემატება თავის ყველა მოწინააღმდეგეს და უშანსოდ
ამარცხებს ყველას, ადამიანები მას ყველა პლანეტისა და სამყაროს ჩემპიონს უწოდებენ.
თუმცა, ვიდრე ფრენსისი UFC-ის ოქროს შემოირტყამდა წელზე და დიდძალი ქონების პატრონი გახდებოდა, ურთულესი გზა გაიარა.
ნგანუ პატარაობიდან მუშაობდა კამერუნის ქვიშის კარიერებში, შიმშილობდა და ჰეპატიტითაც კი დაავადდა. ხშირად ხდებოდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ოცნებაზე უარს არასდროს ამბობდა - მაიკ ტაისონის შემყურე, მოკრივეობაზე ოცნებოდა და 22 წლიდან კრივის ადგილობრივ დარბაზში ჩაეწერა.
2012 წელს, ისე, რომ ოჯახს არაფერი უთხრა, ნგანუმ ზურგჩანთა ზურგზე მოიგდო და სახლიდან წავიდა. მან კამერუნი დატოვა და ევროპაში გაემგზავრა, რათა მებრძოლის კარიერა აეწყო. თუმცა კინაღამ გზაში გარდაიცვალა: სხვა მიგრანტებთან ერთად ზღვის გადალახვას ცდილობდა, გზა აებნათ და რამდენიმე თვე ზღვაზე "ხეტიალობდნენ“, რა დროსაც გაუწყლოების გამო კინაღამ გარდაიცვალა.
საბოლოოდ, ისინი წითელმა ჯვარმა აღმოაჩინა. ორი თვე ესპანეთში, ციხეში იჯდა, შემდეგ მიგრანტების ბანაკში ცხოვრობდა, მოგვიანებით პარიზში გადავიდა, სადაც მაწანწალობდა. თუმცა ყველაზე ბედნიერი მაწანწალა იყო, რადგან თავისი ოცნების ასრულების საშუალება მიეცა.
"ძალიან რთული იყო, საფრანგეთში არავის ვიცნობდი, ფული საერთოდ არ მქონდა. ქუჩაში მეძინა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო. ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი ოცნების ახდენის ყველაზე რეალური შანსი მქონდა. სხვადასხვა დარბაზში დავდიოდი და მწვრთნელებს ვეუბნებოდი, - ახლახან ჩამოვედი საფრანგეთში, სახლი და ფული არ მაქვს. უნდა ვივარჯიშო, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე-მეთქი..."
ერთხელ ფრენსისი დიდიე კარმონის დარბაზში აღმოჩნდა. დიდიემ მას 50 დოლარი აჩუქა. ამ ფულით კამერუნელმა პირსახოცი, ჩანთა და სავარჯიშო ფორმა შეიძინა. დარბაზში პროფესიონალი ბიჭები ვარჯიშობდნენ და ნგანუს ურჩიეს, რომ კრივი მისთვის დაგვიანებული იყო და უთხრეს, რომ MMA აეთვისებინა. კარმონთან დიდი ხანი ვერ გაჩერდა - დარბაზი შაბათ-კვირას იკეტებოდა, ძილი კი ქუჩაში უწევდა.
ამის შემდეგ ის ფერნარდ ლოპესთან აღმოჩნდა, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული მწვრთნელია. როცა ფერნარდმა მოისმინა ნგანუს ისტორია, დარბაზში ადგილი გამოუყო, მისცა ფული და სავარჯიშო ინვენტარი. რამდენიმე საათი დააკვირდა მის ვარჯიშს და უკვე მაშინ მიხვდა, რომ საქმე დიდ ტალანტთან ჰქონდა.
მოგვიანებით ლოპესმა ფრენსისს სახლი უქირავა, 2013 წელს კი პირველი ბრძოლა მოუწყო. ნგანუს სახელი მთელ ქვეყანაში გავარდა. 29 წლის იუბილეზე კი საუკეთესო საჩუქარი მიიღო: "ლოპესმა დამირეკა და მკითხა, - რა საჩუქარი გაქცევს ყველაზე ბედნიერ ადამიანადო? - მე ვიფიქრე, იქნებ ვიღაცას კომპიუტერი აქვს ჩემთვის? მაგრამ მან მითხრა, რომ UFC-სგან შემოთავაზება გვქონდა და 4 თვეში აშშ-ში პირველ ბრძოლას გავმართავდით“, - იხსენებს ფრენსისი.
UFC on Fox 17-ის ფარგლებში, ნგანუ ლუის ენრიკეს შეხვდა და მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვებიდან მოყოლებული, ფრენსისს უკვე ამერიკაშიც იცნობდნენ და აქედან დაიწყო მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანის დიდებისკენ სვლა.
თუმცა...
დიდებამ მებრძოლზე უარყოფითადაც იმოქმედა - ის შეიცვალა, გახდა ქედმაღალი, აღარ აფასებდა იმას, რაც მწვრთნელმა გაუკეთა.
"ყველა პროფესიონალი მებრძოლი, ვინც დარბაზში ვარჯიშობს, ვალდებულია ჰონორარის 10% იხადოს, ნგანუმ კი მითხრა, - დღეიდან მე აღარ ვიხდი იმ 10%-ს, რადგან ამ დარბაზის მთავარი ვარსკვლავი ვარო... ძალიან გამიკვირდა, ნგანუს 4 წელი ვავარჯიშებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთი ცენტიც არ მომითხოვია. ჩემთან ბევრი ისეთი ბიჭი ვარჯიშობს, ვისაც ფინანსური დახმარება ესაჭიროება. ვიდრე ეს ბიჭები ფეხზე არ დადგებიან, მე მათგან არასდროს არაფერს ვითხოვ. პირიქით, აქეთ ვეხმარები, რითიც შემიძლია. როცა ბიჭები სტაბილურ შემოსავალს იღებენ, მათ დარბაზის წევრობისთვის უნდა იხადონ. ასეთივე შეთანხმება გვქონდა ფრენსისთანაც“, - ამბობდა მოგვიანებით მწვრთნელი.
"მან ასევე დაიკიდა თავისი მეგობრები, ისინი, ვისთან ერთადაც პირველად დაიწყო ვარჯიში. "ინსტაგრამზე" პასუხებსაც აღარ წერდა, სამაგიეროდ, UFC-ის ვარსკვლავებს არ უგვიანებდა პასუხის დაბრუნებას", - ამატებდა ფერნარდ ლოპესი.
2018 წელს ნგანუმ და ლოპესმა საბოლოოდ გაწყვიტეს ურთიერთობა: ფრენსისმა ერთ წელიწადში ორჯერ განიცადა მარცხი და ამაში სამწვრთნელო შტაბი დაადანაშაულა. თუმცა ორივე შემთხვევაში მებრძოლის ბრალი უფრო იყო, ვიდრე მწვრთნელის. სტიპე მიოჩიჩთან მარტივ გასეირნებას ელოდა და საერთოდ არ დააფასა მოწინააღმდეგე, რის გამოც დამარცხდა, ხოლო დერეკ ლუისთან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო იწვნია მარცხი. ნგანუ აშშ-ში გადავიდა სავარჯიშოდ, რის შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა, მიოჩიჩთან რევანში აიღო, გახდა ჩემპიონი და დღეს მისი დამარცხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ბედმა ისე ქნა, რომ ნგანუ და ლოპესი კიდევ ერთხელ, ამჟამად უკვე ერთმანეთის მოწინააღმდეგედ შეახვედრა ერთმანეთს.
ერთ დღესაც ლოპესის დარბაზის კარი 26 წლის მხიარულმა და ცოტა ცელქმა ფრანგმა, სირილ განმა შეაღო. განის პოზიტივმა მთელი დარბაზი აღაფრთოვანა, მაგრამ ლოპესმა დაიწუნა - მაშინ ჯერ კიდევ ნგანუს ავარჯიშებდა და იმის ფონზე სირილის პოტენციალს ვერ ამჩნევდა.
ფრანგმა არ გაიტეხა გული და მწვრთნელს უთხრა, რომ მალე რეგიონალურ ვარსკვლავს, ბრის გიდონს ხვდებოდა; თუ მას დაამარცხებდა, ლოპესი მასთან იმუშავებდა. ფერნარდმა იცოდა, რომ გიდონი მშვენიერი მებრძოლი იყო და განს მასთან შანსები არ ჰქონდა. ამიტომ მებრძოლს დათანხმდა. მალევე განი დარბაზში გაზეთის ამონარიდით დაბრუნდა, სადაც ეწერა: "სირილ განმა გიდონი სასტიკად დაამარცხა".
ლოპესი სირილის ბრძოლების ვიდეოჩანაწერებს ჩაუჯდა და დარწმუნდა, რომ ფენომენალურ მებრძოლთან ჰქონდა საქმე. მისი გადაადგილების უნარი და სისწრაფე მძიმეწონოსნისთვის დამახასიათებელი არ იყო. თანაც ფერნარდს შედარებით გვიან მოსულ მებრძოლთან უკვე ჰქონდა გამოცდილება: ნგანუც არ იყო ბავშვობიდან სპორტსმენი და UFC-ს აზანზარებდა. იგივე პროექტი იყო განიც.
უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად სირილს შედარებით მცირე დრო ეთმობოდა, მწვრთნელი თავიდან ბოლომდე ნგანუზე იყო გადართული, თუმცა თანდათანობით სიტუაცია შეიცვალა. როგორც ზემოთ გითხარით, 2018-ში ფრენსისმა ლოპესი დატოვა, რის შემდეგაც ფერნარდი სრულიად სირილზე გადაერთო.
"ფრენსისი სასიამოვნო ბიჭი იყო, როცა ქუჩიდან მოვიდა. მერე ის შეიცვალა. მისმინეთ, 10 000 დოლარს გადაგიხდით, თუ ერთ, ერთადერთ ვიდეოს მაინც ნახავთ, სადაც ნგანუ მადლობას მიხდის ან მე, ან ჩემს დარბაზს. მსგავსი არაფერი არსებობს. თუკი იპოვით, მე ფულს გადაგიხდით..."
ლოპესს ფრენსისისგან პატივისცემა არასდროს უგრძვნია, წვრილმანებშიც კი (თუმცა ორივე კამერუნელია). სირილის შემთხვევაში, საქმე პირიქითაა: თუ ფრენსისის ჩანთებს მწვრთნელი დაატარებდა, განი პირიქით, აქეთ დაატარებს მწვრთნელის ჩანთებს.
განი ორგანიზაციის ნომერ პირველი მძიმეწონოსანი გახდა. მის შემდეგ მხოლოდ ჩემპიონი - ფრენსის ნგანუ იდგა. შესაბამისად, ორგანიზაციამ ყოფილი გუნდელების დაპირისპირება ჩანიშნა.
გასული კვირის პარასკევს, პრესკონფერენციაზე, ფრენსისი და სირილი პირველად წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ნგანუმ განაცხადა, რომ ის და განი მეგობრებიც არ ყოფილან, ერთად ივარჯიშეს რამდენჯერმე. შემდეგ ისიც დაამატა, რომ ვარჯიშებზე სცემდა და დანოკაუტებულიც კი ჰყავს. სირილი ამ ყველაფერს იუმორით უყურებდა და ცდილობდა სიტუაცია განემუხტა.
კვირას, 23 იანვარს, მებრძოლები ოქტაგონზე ავიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგი მებრძოლი სისწრაფეში აშკარად სჯობდა კამერუნელს, რომელიც თავის ვეებერთელა ხელებს ამაოდ უქნევდა. ორი რაუნდის შემდეგ ნგანუ მიხვდა, რომ ტაქტიკა უნდა შეეცვალა და ჭიდაობაზე გადავიდა, რამაც გაამართლა. ძლიერ ფიზიკურ მონაცემებს შედარებით სუსტი სირილი ვერაფერს უპირისპირებდა და საბოლოოდ, 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ლოპესმა და მისმა "კარგმა ბავშვმა" (განის ზედმეტსახელი) ამჯერად მათ ყოფილ თანაგუნდელს ვერ აჯობეს. მეორე მხრივ, განს მალევე მიეცემა ტიტულზე ბრძოლის საშუალება, რამდენადაც დანარჩენ მებრძოლებს, სულ მცირე, ერთი თავით აღემატება.
ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულმა ნგანუმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ვალდებულია ჰონორარი გაუზარდოს. მან ამ ბრძოლაში 600 000 დოლარი გამოიმუშავა და აცხადებს, რომ მილიონზე ნაკლებად აღარ იჩხუბებს. ამას UFC-ის ბოსი დეინა უაითი უარყოფითად შეხვდა.
"მტაცებელმა“ კრივის მეფე ტაისონ ფიური გამოიწვია, რომელმაც ბოლო ბრძოლაში 30 000 000 დოლარი გამოიმუშავა. "ბოშების მეფე" გამოწვევას დათანხმდა. თუ მათი შეხვედრა კრივის წესებით ჩატარდება, ფიური ნგანუს მიწაზე დაუშვებს, პატარა ბავშვივით სცემს და იქნებ გონზეც მოიყვანოს.
ავტორი: ანრი კურტანიძე
წყარო: Ambebi
კომენტარები