"გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს" - ასათიანი აზერბაიჯანთან მატჩის შემდეგ
ახალი ამბები
23-01-2022, 01:12
ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული მატჩი ჩაატარა, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანთან 0:2-ს აგებდა, თუმცა 3:2 მოიგო. შეხვედრის შემდეგ, ავთანდილ ასათიანმა და ირაკლი თოდუამ კომენტარები გააკეთეს:
ასათიანი:
„გილოცავთ! ვიცი, რა სიხარულიც მოუტანა მოგებამ საქართველოს. გვჯეროდა ამ გამარჯვების და არაერთხელ ვთქვი, რომ საწყისი წუთები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობდით და ეს ემოციური ფონი იგრძნობოდა მოედანზე. მთავარია, რომ ორი გაშვებული გოლის შემდეგ ბიჭებმა სწრაფად მოახერხეს მობილიზება. გასახდელში ვისაუბრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში. ვფიქრობ, ამ ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი სამი ქულა აიღეს.
ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგ თამაშზე გადავერთოთ. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ძალიან რთული მატჩი გველის და ასპროცენტიანი მობილიზების გარეშე იოლი არ იქნება. ჩემი აზრით, თამაშის სურათი საწყისმა წუთებმა და გაშვებულმა გოლებმა განაპირობა. ვირწმუნეთ, რომ ესეც ჩვეულებრივი თამაშია. ჩვენი გამარჯვება განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. ველოდით ამ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. საქმე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვქონდა და მოსაგებად მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ“.
თოდუა:
„მინდა, ყველას მივულოცო ეს გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და ფუტსალის გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარვადგინეთ და ჩვენი სახელი გავიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასტარტო თამაშის მოგება, თუმცა ვაანალიზებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საოცარი ემოციები იყო, თუმცა ვეცდებით, რომ ხვალიდან შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ კონცენტრირება“.
საინტერესო ფაქტი
ევრო 1996-ის შემდეგ საქართველო მე-4 გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სადებიუტო მატჩი მოიგო. ანალოგიური შედეგი ხორვატიამ (1999), რუმინეთმა (2007) და აზერბაიჯანმა (2010) აჩვენეს. მოგეხსენებათ, ფუტსალში ევროპის პირველი ჩემპიონატი 1996 წელს ჩატარდა. აღნიშნულ სტატისტიკაში 1996 წლის ფინალური ეტაპი არ იგულისხმება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა. ასათიანის მოთამაშეები მეორე ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან, მატჩი 26 იანვარს ''მარტინი პლაზაში'' თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება, თამაში 29 იანვარს გაიმართება, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ადგილი უცვლელია - გრონინგენის ''მარტინი პლაზა''.
კომენტარები