გომთან მომხდარ ავარიას რუსთაველი დედა-შვილი ემსხვერპლა
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გომი-ვაყის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი დედა-შვილია. ექიმების განცხადებით, 30 წლამდე ასაკის ქალი და 7 წლის ბავშვი „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით - პოლიტრავმით შეიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, ბავშვის სპეციალიზებულ კლინიკაში გადასაყვანად გამოძახებულ იქნა კატასტროფული მედიცინის ჯგუფი, თუმცა, ორივე პაციენტის შემთხვევაში, ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ნინო შუკაკიძე და მისი ქალიშვილი ანასტასია ნათენაძე. დედა-შვილი რუსთავში ცხოვრობდნენ.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გომთან ახლოს დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, დაშავებულთა ნაწილს მკურნალობა ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში უტარდება. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.