ზედიზედ მეორედ - საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის ორივე მონაწილე ცნობილია - 18 დეკემბერს ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან!
"ალბისელესტემ" გადამწყვეტი მატჩის საგზური გუშინ, ხორვატიის დამარცხებით მოიპოვა, ფრანგებმა კი ნახევარფინალში დღეს მაროკოს მოუგეს, ანგარიშით 2:0.
"მამლებმა" "ატლასის ლომებს" ორივე ტაიმში თითო-თითო გოლი გაუტანეს. მე-5 წუთზე თავი ტეო ერნანდესმა აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმით გამოიჩინა, 79-ე წუთზე კი რენდალ კოლო მუანიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა.
მაროკოს ეროვნულ გუნდს დღეს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია და ერთ გუნდს ვალიდ რეგრაგის შეგირდები ნამდვილად იმსახურებდნენ, თუმცა დღეს ფორტუნა მათ არ სწყალობდათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფინალამდე ერთი დღით ადრე გველის მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს მაროკოსა და ხორვატიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. 17 დეკემბერს გასამართი ჯახი, ისევე როგორც არგენტინა-საფრანგეთის დაპირისპირება, თბილისის დროით 19 საათზე აიღებს სტარტს.