"4 დღეს გაძლევ, რომ მოუხადო ბოდიში იმ მეომრებს, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! თუ არადა, მოვალ პარლამენტთან და..." - დავით ქაცარავა ალუდა ღუდუშაურს
უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურს უკრაინაში მებრძოლი მეომრების წინაშე ბოდიშის მოხდას მოუწოდებს და ამისთის ვადად 4 დღეს აძლევს.
"ამოვიდა ყელში! ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! გაძლევ ამისთვის 4 დღეს. რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე.
თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან, (არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები,) მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა. რამდენი ხანიც დაჭირდება, იმდენ ხანს დაგელოდები.
საჯაროდ შეგხვდები და ჩემ სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას. მიღირს." - წერს ქაცარავა "ფეისბუქში".
ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ფულის სანაცვლოდ მეომრის დაქირავება ამორალურია, რაც არ უნდა დიდი მიზანი გამოძრავებდეს და იქვე დასძენს, რომ ასეთი მიზანი აქ არ იკვეთება.
"დღეგამოშვებით გამოდის ეს ადამიანი პარტიული ტელევიზიებით და ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის, აღარ ვსაუბრობ იმას, როგორი შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები ხშირად. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ამორალურია, როცა ადამიანებს ფულის სანაცვლოდ... ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა დაიქირაო ადამიანი იმისთვის, რომ იქ საკუთარი მიზნები გაატარო, რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს და ბუნებრივია, ეს აქ არ და ვერ იკვეთება. ამორალურია თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა, ეს არის პირდაპირ შენი მოქალაქეების უბრალოდ ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ საკუთარი ოჯახი, სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებში.
მამულაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური აპოლოგეტი. ის არ და ვერ გაემიჯნება იმ ფაქტს, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი წარმომადგენელი დღეს, სპიკერი, რუპორი და მისი იდეების გამტარებელი," - განაცხადა ღუდუშაურმა.