სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ" - რას ჰყვება ნინო ჟვანია მისი მეუღლისა და თანაგუნდელების ურთიერთობაზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნინო ჟვანია იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" გარდაცვლილი მეუღლისა და მისი თანაგუდნელების ურთიერთობის ეპიზოდებს იხსენებს.
- ნინო ჟვანია:
"სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... საუბრობდნენ და რაღაცებს ინაწილებდნენ. მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ თუ არ მოგვცემს... და ამაზე იცინოდნენ. მაშინ დავინახე, რომ კატასტროფა ხდებოდა... ზურამ, ალბათ, უკვე ეს იცოდა, რომ აქეთკენ წავიდოდა ყველაფერი.
მაშინ უკვე ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა ზურას, ეს უკვე იყო ვარდების რევოლუციის მერე და მუდმივად უწევდა დაცვა თავისი თანაგუნდელების, ახლობლების, თუ არაახლობლების, რომლებიც ამ რაღაც მანქანაში მოხვდნენ. მესმოდა ტელეფონით საუბრები ხან ერთთან, ხან მეორესთან, რომ ეს არ დაიჭიროთ, ის არ დაიჭიროთ. სულ ამაზე იყო ლაპარაკი.
ვარდების რევოლუციის ერთი კოშმარული წლის შემდეგ, ძალიან რთული იყო, ფიქრობდა წასვლას, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ უამრავი ადამიანი უნდა შეეტოვებინა ამათთვის და ეგ არ გააკეთა და რაც შეეძლო ბოლომდე აკეთა."
- ნინო ჟვანიამ ის ღამეც გაიხსენა, როცა ზურა გარდაცვლილი იპოვეს:
"არ იყო ღამე როდესაც ჩვენ ერთად არ ვიყავით, ან ზუსტად არ ვიცოდი, სად იყო. ეს არ იყო ისეთი ურთიერთობა, რომ ვსიო, წავედი და კარგად იყავი. დააგვიანა მოსვლა და რომ დავიწყე რეკვა და ერთი 30-ჯერ რომ დავრეკე, მერე ფეხით წამოვედი წყნეთიდან ნახევარ გზაზე, ღამის სამ საათზე ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი იქ რაც მოხდა, მერეც რამდენიმე დღეში ვცდილობდი, რომ მეზობლები გამომეკითხა. როგორი არის გამოიძიო, როცა მთელი სახელმწიფო შენ წინააღმდეგ მუშაობს."
- კითხვას - "უფრო მკვლელობის ვერსიის გჯერათ, ვიდრე უბედური შემთხვევის?" - ყოფილი პრემიერის მეუღლე პასუხობს, რომ მკვლელობის ვერსიის უფრო სჯერა.
"კი მე ასე მგონია. ძალიან ძლიერი იყო და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ახერხებდა რომ თავისი აზრი გაეტანა.
მახსოვს ერთ-ერთი ბოლო ლაპარაკი, მიშას ელაპარაკებოდა და მიშას უთხრა, ღმერთმა დაგიფაროთ რამე არ დამემართოს თორემ რა გეშველებათ თქვე უბედურებოო. რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც, ზურას აზრი იყო გადამწყვეტი. ზურა კიდევ თავისი პრინციპების ერთგული იყო იმ დღიდან როცა მე გავიცანი, ბოლომდე."