მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია – შვილმკვდარი დედის ემოციური ამბავი
პოლიტიკა
30-07-2022, 19:56
მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია – შვილმკვდარი დედის ემოციური ამბავი
2019 წლის 21 თებერვალს, გეგუთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი, ზაზა კლდიაშვილი გარდაიცვალა – ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა, ტრანსპორტის დასახვედრად ავტომაგისტრალი გადაჭრა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
როდესაც ზაზას დედა, ციცო ქანთარია ამ ტრაგედიის შემდეგ ცოტა გამოერკვა, გადაწყვიტა, ის ქალბატონი მოეძებნა, რომელიც ამ ავარიას შეესწრო და დაშავებულის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა და ახალგაზრდა მამაკაცი ხელში ჩააკვდა.
„ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, სავარაუდოდ ექიმს, რომლის ხელშიც დალია სული ჩემმა შვილმა, ზაზა კლდიაშვილმა. თუ ვინმემ იცით მისი ვინაობა ან ტელეფონის ნომერი, უმორჩილესად გთხოვთ, მომწერეთ. მინდა, ხელები დავუკოცნო, რომლითაც ჩემს შვილს დახმარება ჩაუტარა, ეცადა, მაგრამ ვერ გადაარჩინა. მინდა, ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა იმ კეთილშობილებისთვის, რაც გააკეთა დაუფიქრებლად. მოვალეობათ ჩათვალა, არ მიეტოვებინა გასაჭირში. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათია დღეს. ვინც იცის, რა დღეში ვარ, ვინც გრძნობს ჩემი სულის ტკივილს, სიმწარეს, შვილმკვდარი დედისას, გთხოვთ, მომაძებნინოთ ის ქალი“. – წერდა 2019 წლის შემოდგომაზე ქალბატონი ციცო.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორ განვითარდა მოვლენები და შეხვდნენ თუ არა ქალბატონები ერთმანეთს.
ციცო ქანთარია ექსკლუზიურად გვიყვება, როგორ განვითარდა მოვლენები:
– ზაზა გზაზე გადადიოდა. ეს იყო ავტობანი. საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას დიდი შუქები აუნთია და ამას, ვინც ჩემს შვილს დაეჯახა, დიდი შუქისგან ვერ დაუნახავს თითქმის უკვე გზაზე გადასული ჩემი შვილი და დაეჯახა. უცებ ჩაურთიათ საავარიო, ეს ექიმიც გარბოდა თურმე ჩემი შვილისკენ. დიდი სიჩქარით მიმავალმა მძღოლმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა და რამდენიმე მეტრი ათრია თურმე ჩემი საცოდავი შვილი. ფიქრი არ მასვენებს, ასე რომ არ მომხდარიყო, იქნებ გადარჩენილიყო, პირველი დაჯახების მერე.
პირველ მანქანას ბავშვი მართავდა, 18 წლის. დედას მიუტოვებია, ბებია და მამა ჰპატრონობდნენ. ძალიან განიცდიდა დედის წასვლას და მანქანა უყიდეს, ჩემ დასაქცევად. ჩემი შვილის მოძღვარმა ბევრი რამე ამიხსნა და ვაპატიე. ციხიდან როგორი გამოვიდოდა, არავინ იცის, ჩემს შვილს ვერაფერს უშველიდა, მისი დაპატიმრება და არ დავღუპე, მაგრამ მეორეს არ ვაპატიე და ვერც ვაპატიებ, არანაირი სინანული არ გამოუხატავს. ყველაფერი ღმერთს მივანდე, მის სამართალს ვერავინ გაექცევა.
კომენტარები