"შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში, საკუთარ თავში ჩემო,.. ცხოვრება გრძელდება" - ლანა ღოღობერიძე ნიკოლოზ წულუკიძეს
პოლიტიკა
8-05-2022, 21:16
"შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში, საკუთარ თავში ჩემო,.. ცხოვრება გრძელდება" - ლანა ღოღობერიძე ნიკოლოზ წულუკიძეს
უცხოეთში მყოფმა, 93 წლის ლანა ღოღობერიძემ, ნიკა ემოციური სიტყვებით გაამხნევა და გვერდში დგომა აღუთქვა.
ლანა ღოღობერიძე: ჩემო ნიკა, თბილისში არ ვარ და ამიტომ ვერ გნახე. მინდა როგორღაც გითხრა, რომ შენს გვერდით ვარ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ. შენ ისეთი რამ დაგემართა, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება - ადამიანმა შვილი არ უნდა დაიტიროს. ამიტომ ამ დროს ნუგეშის სიტყვებიც არ არსებობს.
და მაინც ვცდილობ მოვძებნო რაღაც, რაც შემიძლია გითხრა... ალბათ უბრალოდ იმისთვის, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო შენს მიმართ, იქნებ ეს იყოს სითბოს ერთი წვეთი შენს უსასრულო სასოწარკვეთაში. შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ, და იმდენი ადამიანია გარშემო, ვისაც ნამდვილად სჭირდები. მარტო ახლობლებს არ ვგულისხმობ. მე ჩემი თვალით მინახავს ისინი, ვისაც შენ ასაკით თუ უმწეობით მოგვრილი მარტოობის განცდა შეუმსუბუქე. თანაც მაშინ, როცა ამას თითქოს არაფერი არ გავალდებულებდა შენი ბუნებრივი მოთხოვნილების გარდა.
ჰოდა, ცხოვრება გრძელდება, და იმათ, ვისაც უჭირს, შენ ისევ სჭირდები. ეს ადგილი შენ თვითონ მოიპოვე ცხოვრებაში, კაცთა შორის. შენი გახსნილობა, სხვისი ტკივილის გაგების უნარი, შენი გულწრფელობა, შენი იმედიანი ღიმილი...
ეს ყველაფერი ისეთი იშვიათობაა დღეს და ისე გვჭირდება ყველას, ყველას! იმასაც კი, ვისაც ეს გააზრებულიც არა აქვს. ვინც თვითონ არის გაბოროტებული და გარშემო ყველა მტრად მიაჩნია.
ვწერდი ამ წერილს და ყოველი სიტყვა ისე უსუსურად მეჩვენებოდა... იმ ტკივილთან შედარებით, რასაც შენ და შენი ოჯახი განიცდით...
კომენტარები