მოკლე ლოცვა, რომელიც ხშირად უნდა გავიმეოროთ გულში - პატრიარქის რჩევა მრევლს
პოლიტიკა
25-04-2022, 19:47
უფალო შეგვიწყალენ"- იმეორეთ გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ -, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში განაცხადა.
„სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“
მოციქული გვარიგებს, – ილოცეთ მუდამ (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.
ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“
თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.
ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ – „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან. …",- განაცხადა ილია მეორემ.
კომენტარები