იზრდებოდა თუ არა პუტინი საქართველოში? - "ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ"
პოლიტიკა
12-03-2022, 22:33
იზრდებოდა თუ არა პუტინი საქართველოში? - "ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ"
მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი აირჩია, კასპის რაიონის სოფელი მეტეხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთი სახლი მეტეხში პუტინის თვითგამოცხადებულ ნათესავებს, კონკრეტულად კი, ვერა პუტინას და მის შვილებს ეკუთვნისთ.
ქალბატონი ვერა თავს რუსეთის პირველი პირის ბიოლოგიურ დედად მიიჩნევს. კამერებთან არა, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა, 89 წლის ვერა პუტინა ლოგინად ჩავარდა. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ მისმა ქალიშვილმა, ლუბა ოსეფაშვილმაც დაგვიდასტურა:
,,დედაჩემი ისე ცუდად არის ლოგინიდან ვერ დგება. ვირუსი შეხვდა. წნევები მაღალი აქვს." ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში ვერა პუტინა სახლიდან ეზოში გამოვიდა, მაგრამ ჩვენი დანახვისთანავე, უკან შებრუნდა. ქალბატონი ვერა და მისი ქალიშვილები ბოლო დროს ჟურნალისტებს აღარ სწყალობენ.
ვერა პუტინამ 2001 წელს ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომელში წვრილად ყვებოდა საკუთარ ისტორიას და იმასაც რატომ მიიჩნევდა რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ შვილად.
გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან:
- დავიბადე და გავიზარდე პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში. სასწავლებელი რომ დავამთავრე, პრაქტიკაზე ტაშკენტში გამაგზავნეს. იქ ერთი ბიჭი შემიყვარდა, პლატონი ერქვა. მასაც ძალიან ვუყვარდი და მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო. ორსულად ვიყავი, როცა თავისი ქალაქიდან (ვერა დეიდას არ უთქვამს, საიდან იყო პლატონი) ამანათი მიიღო. გავხსენი. შიგ წერილი იდო. ამ წერილით გავიგე, რომ იგი ცოლშვილიანი ყოფილა. ძალიან გავბრაზდი, დანახვა აღარ მინდოდა მისი, მაგრამ ბავშვს ხომ ვეღარ მოვიცილებდი?..
მერე გაჩნდა ვალოდია. ვზრდიდი ჩემს ვოვას და ვიყავი ჩემთვის. არ გასულა დიდი დრო და "ტანცებზე" გავიცანი ქართველი სამხედრო, რომელიც მალე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ეს გახლდათ გიორგი ოსეფაშვილი, ჩემი დანარჩენი ხუთი შვილის მამა. მას დანახვისთანავე შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. არ დავუმალე, რომ შვილი მყავდა, მაინც არ დაიხია უკან და დავთანხმდი მე სულელი..
- რატომ სულელი? ნანობთ, რომ საქართველოში ჩამოხვედით?
- მაგანაც მომატყუა (იცინის). რა აღარ მითხრა: თბილისში დიდი სახლი მაქვს, "კაროჟნასავით" გაცხოვრებო, შენს შვილსაც ვუპატრონებო და რა ვიცი, ათას რამეს შემპირდა. თბილისის დიდი სახლის მაგივრად კი მეტეხში წამიყვანა, სადაც ნახევრად დანგრეული ქოხი დამხვდა. აბა, ტყუილი არ იყო? მაგრამ ვეღარ წამოვედი იქიდან, მისგან ბავშვს ველოდი. მამაჩემმა რომ გაიგო, ქართველს გავყევი ცოლად, კინაღამ გაგიჟდა. ისე მოკვდა, არც იგი და არც ჩემი ძმები ჩემს სანახავად მეტეხში არ ჩამოსულან. ამასობაში ვოვა ძალიან მომენატრა და დედაჩემს შევუთვალე (ქმარი იქით არ მიშვებდა), შვილი შენ ჩამომიყვანე-მეთქი.
- რამდენი წლის იყო ვალოდია, როცა მეტეხში ჩამოგიყვანეს?
- მესამე წელიწადში იყო... სულ არ გასჭირვებია ქართულად ალაპარაკება. აქედან 10 წლისა რომ წავიყვანე ჩემს მშობლებთან, რუსული ორი სიტყვაც არ იცოდა.
- ამბობენ, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა, ხშირად სცემდაო, მართალია?
- არა, ცემით არა სცემდა, მაგრამ არც გულზე ეხატებოდა. აბა, გერი ვის უყვარს? საერთოდ, გიორგის ჩხუბი უყვარდა, არც ქალებში სიარულს იკლებდა, ამის გამო, ხშირად ვკინკლაობდით...
დღე ისე გავიდოდა, ხმას არ გასცემდა. ვატყობდი, ვოვასაც ჰქონდა მისი რიდი. როცა ვჩხუბობდით, ეტყობოდა, რომ განიცდიდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. მე ისეთი ვარ, თუ უმიზეზოდ მაწყენინებს ადამიანი, გულიდან ამოვირეცხავ, აბა, შვილების მამას როგორ შევიძულებდი, მაგრამ შეიძლება თვე ისე გასულიყო, ხმა არ გამეცა მისთვის, სამაგიეროდ, თვითონ ვერ ძლებდა ჩემს გარეშე და შემირიგდებოდა. ყოველთვის ეშინოდა, რომ ოჯახი არ დამეტოვებინა.
ხმა რომ დაყარეს, ვოვას სცემდაო, ტყუილია. გიორგიმ იცოდა, რომ ამას არ ვაპატიებდი.
კომენტარები