რეალთან თამაში რომ არა, ზიდანი უკვე პსჟ-ს მწვრთნელი იქნებოდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-02-2022, 01:02
ეს დიდი ხანია, ყველამ იცის, მაგრამ მაინც: პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა ოცნებობს, რომ მათი გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდეს. პარიზული გრანდის შეფების აზრით, სწორედ ზიდანია ის სპეციალისტი, რომელიც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში ნანატრ წარმატებას მოუტანს.
რაც შეეხება სიახლეს: მედიაში (Marca, Telefoot) გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბსა და ზიდანს შორის რამდენიმე შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა პსჟ-ს თავკაცად ჯერ-ჯერობით ისევ მაურისიო პოჩეტინო რჩება.
საფრანგეთის თასიდან გავარდნის შემდეგ (პსჟ ნიცასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა) ზიდანის დანიშვნის საკითხზე საუბარი ისევ ძალიან აქტუალური გახდა. პარიზულ კლუბში მიიჩნევენ, რომ პოჩეტინოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ლიგა 1-ის ლიდერია, შეცდომა იყო და ეს ჩავარდნილი პროექტია, რადგან გუნდი იმ თამაშს არ აჩვენებს, რასაც ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ელიან.
გავრცელებული ინფორმაციით, რომ არა ერთი ფაქტორი, ზიდანი უკვე პარიზელთა თავკაცი იქნებოდა: პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზიზუს ყოფილ გუნდს, რეალს ეთამაშება, მას კი მადრიდელებთან დაპირისპირდება არ სურს.
თუ პარი სენ-ჟერმენი რეალს ვერ გაცდება, პოჩეტინოს სავარაუდოდ დაითხოვენ და მის ნაცვლად ზიდანს დანიშნავენ. მედია ვარაუდობს, რომ ზიზუ პსჟ-ს ყველაზე გვიან სეზონის ბოლოს ჩაიბარებს
კომენტარები