ახლა უკვე აზერბაიჯანიც - აზერბაიჯანი რუსეთ-უკრაინის ომის სათავისოდ გამოყენებას..........
პოლიტიკა
28-03-2022, 22:21
ახლა უკვე აზერბაიჯანიც - აზერბაიჯანი რუსეთ-უკრაინის ომის სათავისოდ გამოყენებას..........
ერთი თვეა, რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომისკენ თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი, რუსეთის ხელისუფლებასა და არმიას კი ახლა ნაკლებად სცალიათ სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში კრემლმა ხელოვნურად შექმნა და შემდეგ იქაურობას „მშვიდობისმყოფელად“ მოევლინა...
საქართველოში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყარაბაღში 30 წლის შემდეგ „სამშვიდობო ძალებად“ დაბრუნებულმა რუსმა სამხედროებმა სომხურ-აზერბაიჯანული შეიარაღებული კონფლიქტი კიდევ დიდი ხნით „გაყინეს.
მართალია, 2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსი კოლეგის ფარული თანხმობის გარეშე ვერ გაბედავდა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დასაბრუნებლად ფართომასშტაბიანი ომის წამოწყებას, მაგრამ, ამასთანავე, სწორედ მოსკოვმა შეაჩერა ბაქო, რომ შუშის აღებას სტეფანაკერტის, იგივე ჰენკენდის დაცემაც არ მოჰყოლოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყარაბაღელ სომხებს სასწრაფოდ მოუწევდათ თავის საშველად სომხეთში გაქცევა.
ბაქოს ფორმალური საფუძველი ისედაც ჰქონდა, ახლა კი მან, როგორც ჩანს, შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და დაიწყო კონტროლის დამყარება ყარაბაღის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აქამდე იქაური სომხების განკარგულებაშია.
ორდღიანი უარყოფის შემდეგ ბაქომ აღიარა, რომ დაიკავა სოფელი ფარუხი - სულ ოციოდეკომლიანი დასახლებული პუნქტი, ოღონდ ის სტეპანაკერტიდან ჩრდილოეთით, 22 კმ-ში მდებარეობს. ბაქოს აღიარება შეიძლება იმანაც გამოიწვია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკრიტიკა აზერბაიჯანელ სამხედროთა ქმედებები, მათ შორის - უპილოტო „ბაირაქტარის“ გამოყენება. ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, რომელსაც უკრაინის ფრონტებზე თავისი გაჭირვება ჰყოფნის, ყარაბაღთნ დაკავშირებით თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრისთვის მოიცალა.
სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება შეეცდება, ისარგებლოს მომენტით, როდესაც რუსეთის არმია უკრაინასთან იბრძვის და ძალების მობილიზაციის მიზნით ყარაბაღიდანაც კი გაჰყავს რუს "მშვიდობისმყოფელთა" ნაწილი და გაიმეოროს 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანული არმიის სამხედრო წარმატება, რათა ეს რეგიონი მთლიანად დაუბრუნოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის იურისდიქციას.
კომენტარები