19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ... ვიცი, რომ არსად არ ხარ, თუმცა ჩემს გულში სულ იქნები - სალომე ბარკერი ტრაგიკულად დაღუპულ დას იხსენებს (ფოტო)
პოლიტიკა
31-01-2022, 21:32
19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ... ვიცი, რომ არსად არ ხარ, თუმცა ჩემს გულში სულ იქნები - სალომე ბარკერი ტრაგიკულად დაღუპულ დას იხსენებს (ფოტო)
სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი თავისი გარდაცვლილი დის, სოფი ნიკოლეიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„2003 წლის 29 იანვარს დაიბადა სოფი. მე ვიყავი 13 წლის, ჩემი ძმა 9-ის. სახლში რომ მოიყვანეს, იყო ცოტა მოწითალო ფერის პატარა მჩხავანა არსება. მეთქი უკაცრავად? მახსოვს გახვეული რომ იდო ხოლმე საწოლზე და რომ არ გადმოვარდნილიყო მაგას ვდარაჯობდი, ძალიან პაწუა უკვე თავისი ხელით ჭამდა ხოლმე ბოთლიდან რძეს. ძალიან სწრაფად გაიზარდა და დაიწყო სირბილი, ტიტინი, სოფიტა იგივე ტოფიტა. მაღაზიაში რომ ჩავიდა პირველად, მეხუთე სართულიდან სულ მთლად წერტილი მიაბიჯებდა ქუჩაში ამაყად. გიჟდებოდა სტუმრად სიარულსა და აქეთ-იქით „წანწალზე", ცეკვაზე, ყველანაირ ცხოველზე, არ უყვარდა კითხვა ოღონდ ჰარი პოტერის გაცნობამდე. ცალკე რომ გადავედი საცხოვრებლად, არ არსებობდა მასთან ერთად გასატარებლად საკმარისი დრო. სულ რომ ასი ათასი საათი ვყოფილიყავით ერთად, „ბოლოს" მაინც მოიბუსხებოდა ხოლმე დაშლის წინ. ერთხელ პატარებს მშობლები მთაწმინდაზე გვასეირნებდნენ და მე და ჩემმა ძმამ შემთხვევით ხელი ამოვუგდეთ ერთი ორი და საამიიი - ჰაერში ვწევდით აქედან-იქიდან და ეგრე „ვაკატავებდით", მაშინ ჯერ ძლივს დადიოდა და უცბად ბრახ, გულები დაგვისკდა და მშობლებთან გავიქეცით, თვითონ დიდად არ უტირია უფრო გაკვირვებული იყო. გიჟდებოდა დამოუკიდებლობაზე, უნდოდა მომღერლობა ან ადვოკატობა და სასამართლოში საქმეების მოგება. ყველაზე ჩვეულებრივი ტიტინა ბავშვური ბავშვი, ყველაზე არაჩვეულებრივი დიდი გულით.
დღეს წესით 19 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ აბა სად არის? არ ვიცი. და ისიც არ ვიცი, რატომ არ არის, ამ დრომდე ამ საცოდავმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა ან არ მოახერხა ერთი სასამართლო პროცესი მიიყვანოს ადეკვატურ დასასრულამდე პირველ ინსტანციაში მაინც.
ამ არაფერში უკვე გავიდა 2 წელი და 9 თვე. გილოცავ ბავშვიკ დაბადების დღეს, ვიცი რომ არსად არ ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები", - წერს სალომე ბარკერი.
ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს, 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში ტრაგიკულად დაიღუპა.
კომენტარები