როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს და როგორ გადაარჩინა აბორტისთვის განწირული ბავშვის სიცოცხლე
პოლიტიკა
22-01-2022, 21:38
როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს და როგორ გადაარჩინა აბორტისთვის განწირული ბავშვის სიცოცხლე
თბილისიდან წყნეთისკენ მიმავალ გზაზე წლების წინ მიტოვებულ და უკაცრიელ წმიდა ადგილას – წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერს მომლოცველი იშვიათად ესტუმრებოდა ხოლმე. დღეს კი, იქ მოღვაწე დედა ანას დამსახურებით, ულამაზესი მონასტერია და პატარა სამლოცველოს ნაცვლად ორი ტაძარი დგას – წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული ეკლესია და წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი. იქ მუდამ ხალხმრავლობაა და მომლოცველთა ნაკადი არ წყდება, რომლებიც დედა ანასთან მოდიან. ის ოც წელზე მეტია, ამ მონასტერში მოღვაწეობს, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. დღეში ასობით მრევლიც მასთან მადლის მისაღებად და განკურნებისთვის არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხიდან, უცხოეთიდანაც ჩამოდის. მისი ლოცვის ძალით წლებია, ათასობით სნეული იკურნება, უამრავ გზააბნეულსა და სასოწარკვეთილს ჭეშმარიტების გზაზე აყენებს და სიცოცხლეს, ცხოვრების აზრს უბრუნებს. მისი ლოცვით მომხდარ სასწაულებზე ბევრს ყვებიან და მადლიერების სიტყვებს არ იშურებენ.
ბავშვობა
დედა ანა დაბა წყნეთში, მორწმუნეთა – მიხეილ ოთარაშვილისა და მარიამ ასიტაშვილის – ოჯახში, 1939 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს დაიბადა. მშობლებს მის გარდა, კიდევ ოთხი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ის უფლის სიყვარულით ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა. მისი დაბადების სახელი ნათელაა. მაშინდელი ათეისტური რეჟიმის მიუხედავად, მშობლებმა ორი წლის გოგონა (მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებულ) წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მონათლეს. წირვა-ლოცვაზე ბებიას, ცისანა შავგულიძეს დაჰყავდა, რომელიც, ასევე ძალიან ღრმად მორწმუნე და ღვთის მოშიში იყო. პატარა ნათელა ყოველ დღესასწაულზე საზეიმოდ გამოეწყობოდა და ეკლესიაში წასვლას ითხოვდა. თუ მის წაყვანას ვერ მოახერხებდნენ, სახლის სახურავზე ავიდოდა და საათობით გაჰყურებდა ეკლესიისკენ მიმავალ მლოცველებს. მაშინ, როცა სხვა ბავშვები ჩვეულებრივი თამაშით ერთობოდნენ, მას დილიდან საღამომდე ეკლესიაში ყოფნა და საგალობლების ღიღინი სურდა.
ოჯახი
დედა ანა მშობლებმა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ოცდასამი წლის ასაკში გაათხოვეს. მეუღლე ეროვნებით სომეხი, შოთა (აშოტ) პეტროსიანი იყო, თუმცა მორწმუნე მართლმადიდებლის გვერდით ცხოვრებამ, ისიც მართლმადიდებლად აქცია და ნათლობის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს.
მის სულსა და გულს ყოველთვის მონასტერი უხმობდა, ამიტომ ეკლესიური ცხოვრება გადაწყვიტა. სურვილი მეუღლეს გაანდო და ურჩია, ხელახლა დაოჯახებულიყო. მეუღლემ არაფერი უპასუხა, მეორე დღეს კი პატრიარქს მანაც მორჩილებაში ყოფნის კურთხევა და ჯვრის მონასტერში გაგზავნა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
ნათელა კი, 1972 წელს, უწმიდესის კურთხევით, მორჩილი თამარი გახდა და სიონში მსახურობდა. იქ მსახურების დროს აცნობეს, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ შეიქნა, რომელიც ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ჯვრის მონასტრიდან სახლში გადმოიყვანეს და მისი მოვლა დედა თამარს დაევალა. მან დღედაღამ ლოცვითა და ზრუნვით ავადმყოფი მეუღლე გამოაჯანმრთელა და ფეხზე დააყენა, რის შემდეგ, გარდაცვალებამდე, ის დედა ანას გვერდით ედგა.
დედა ანას მოღვაწეობა – ეკლესიის მშენებლობა
dedao anaროდესაც დედა ანა სიონში მორჩილად მსახურებდა მას ხილვა ჰქონდა, რის შესახებ პატრიარქს უამბო. უწმიდესმა მითითებები მისცა, შესაბამისი სამსახურებისთვის მიემართა და დახმარება ეთხოვა, რომ წყნეთში არსებულ წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიების გასუფთავებისა და აღდგენის საშუალება მიეცათ. მათი მაშინდელი მდგომარეობა სავალლო იყო. იქ პურის საცხობი და ჭურჭლის საწყობები იყო განთავსებული. პატრიარქმა ურჩია, მიუხედავად უარისა, არ გაჩერებულიყო, სანამ მიზანს არ მიაღწევდა. მართლაც პირველი პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა შემდეგ, მალე დადებითი პასუხიც მოვიდა.
თბილისში დაბრუნებისას, გზად მძლეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად შევიდა. მეთერთმეტე საუკუნის ეს ეკლესია წყნეთში ასასვლელ გზასთან ახლოს, ერთ-ერთ გორაკზე მდებარეობს, სადაც ხშირად დადიოდა სალოცავად დავით აღმაშენებელი.
იქ მისულ დედა ანას მძიმე სურათი დახვდა. ტაძარი, რომელმაც წარსულში საუკუნეებს გაუძლო, იმდროინდელი კომუნისტური რეჟიმის უდიერმა დამოკიდებულებამ ნანგრევებად აქცია. იქაურობა მიტოვებული, სალოცავი გაპარტახებული იყო. მისასვლელი გზა კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ნანახმა დედა ანა შეძრა, ამის შესახებ უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს უამბო. მონასტრის აღდგენაზე მისგან კურთხევა მიიღო და მძლეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წავიდა, სადაც უკვე ოცი წელია, მოღვაწეობს და დღედაღამ მუხლჩაუხრელად შრომობს.
დედა ანა საკუთარი ხელით ეზიდებოდა რიყის ქვებს გზის გასაკეთებლად, რათა მლოცველებს იქ მისვლა არ გასჭირვებოდათ. მთელ დროს სამლოცველოში ატარებდა, ასუფთავებდა, აკეთებდა ტერასებს, რგავდა ნერგებს. მისი დაუღალავი შრომითა და კეთილი ადამიანების დახმარებით აშენდა ახალი, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, შემდეგ კი აღდგა წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სამლოცველო, რომლისგანაც მხოლოდ ერთი კედელიღა იყო დარჩენილი. გაკეთდა ტაძრამდე მისასვლელი სამანქანე გზა, ჭიშკარი, გალამაზდა შემოგარენი, გაშენდა ყვავილნარი.
დედა ანა ამ სავანეში 1992 წლიდან მოღვაწეობს. სწორედ მძლეთის წმიდა გიორგის ტაძარში მოღვაწეობისას აკურთხა უწმიდესმა ის მონაზვნად და იმ დღიდან იწოდება დედა ანად.
რას ყვება მრევლი დედა ანას ლოცვით მომხდარ სასწაულებზე
შორენა ჭანკვეტაძე: 2014 წლის სექტემბერში ჩემს შვილს, 16 წლის ნინოს, უეცრად თავი ძალიან ასტკივდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ექიმები ვერ გვაიმედებდნენ. გვეუბნებოდნენ, ოპერაციის გარეშე ბავშვი ვერ იცოცხლებს, ოპერაციის გაკეთების შემდეგ კი, ხეიბარი დარჩება ან დაბრმავდებაო. ამის გამგონე სასოწარკვეთილი ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მაშინ გავიგე დედა ანას შესახებ და წყნეთში წავედი. თავიდან შესვლას ვერ ვბედავდი. მეშინოდა, რამე ცუდი არ მითხრას-მეთქი, მაგრამ დედა ანა რომ დავინახე, იმედის ნაპერწკალი გამიღვივდა. გვითხრა, ბავშვს კისტა აქვს, რთული ოპერაცია იქნება, მაგრამ ნუ გეშინიათ, ილოცეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო… იქიდან გახარებული წამოვედი, თითქოს ფრთები შემესხა, ნერვიულობა და შიში გამიქრა. მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ასეც მოხდა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ჩემი შვილი ჯანმრთელი და უვნებელი დავინახე და მითხრეს, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. დედა ანას ვერასდროს გადავუხდი მადლობას იმ სიკეთისთვის, ლოცვისა და კურთხევისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა.
ლუდმილა ნოვიკოვა: საქართველოში ვცხოვრობ, მყავს ერთი ვაჟიშვილი. როგორც სხვა დანარჩენისთვის, ჩემთვისაც შეუძლებელი გახდა სტაბილური სამსახური. ძალიან მიჭირს, წამლის შეძენის საშუალება არ მაქვს. შემომიტია ავადმყოფობამ, რომელიც შემდეგ ქრონიკულში გადამივიდა. კეთილმა ადამიანებმა მირჩიეს, რომ მელოცა, მეწამა ღმერთი, ამენთო სანთელი… გასული წლის პირველ ოქტომბერს მოვაკითხე დედა ანას. გავანდე ჩემი ტკივილებისა და განცდების შესახებ. მან გულდასმით მომისმინა და მირჩია, მელოცა. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღე დავდიოდი მონასტერში. დედა ანა ლოცულობდა ჩემთვის და ყველა გაჭირვებულისთვის. მოხდა სასწაული: ავადმყოფობამ უკან დაიხია, გამოვჯანმრთელდი. განიდევნა ჩემგან ყოველგვარი სატანა, სიზმრებში რომ ვხედავდი და ვიტანჯებოდი. მინდა, ჩემი ერთადერთი შვილიც დაადგეს რწმენის გზას, რაშიც დედა ანა დაეხმარება.
ეველინა ქომეთიანი: 64 წლის ავადმყოფი ქალი ვარ. 2011 წლის 8 ნოემბერს, ინსულტი დამემართა. მას შემდეგ სულ ცუდად ვარ. რამდენიმე გამოკვლევის შედეგად თავში ორი ანევრიზმა დამიდგინდა, რაც სასწრაფო ოპერაციას ითვალისწინებს. მოსკოვში წავედი, „ბურდენკოს“ ინსტიტუტში დამაწვინეს, სადაც მითხრეს, ოპერაციის შემთხვევაში, ინვალიდი დარჩები ან, შესაძლოა, მოკვდეო. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ისევ თბილისში დავბრუნებულიყავი. მირჩიეს, აუცილებლად მოვსულიყავი დედა ანასთან, სადაც სულიერი შვება ვიგრძენი. მან შვიდჯერ მისვლა მირჩია, ამის შემდეგ კი ოპერაციის გაკეთება. მართლაც, ოპერაცია შედეგიანად დამთავრდა, რასაც არ ველოდი, რადგან ყველა სპეციალისტი მეუბნებოდა, ეს ოპერაცია ძალიან სარისკოაო. დედა ანას ლოცვით გადავრჩი. მადლობა უფალს და მას!
ქეთი წიქარიშვილი: დედა ანას შესახებ პირველად მეგობრისგან გავიგე. მეუღლესთან პრობლემები მქონდა, ჩვენი ოჯახი დანგრევის პირას იყო. მეგობარმა მირჩია, დედა ანასთან წაგიყვან და მისი ლოცვით ყველაფერი კარგად იქნებაო… დილაუთენია წავედით. რომ მივედით, ხალხის დიდი რიგი იდგა, პატარა მყავდა და ურიგოდ გამიშვეს. ხმის ამოუღებლად დავეშვი დედაოს წინ მდგარ სკამზე. მან ლოცვა წამიკითხა და მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო. იქიდან გამოსული „მოვფრინავდი“, თითქოს ფრთები მქონდა. ოჯახში ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ძველებურად სითბო და სიყვარული დაგვიბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს პირველ შვილს შევამჩნიეთ, რომ სმენა დააკლდა. მდგომარეობა თანდათან გაუუარესდა, ბოლოს თითქმის აღარაფერი ესმოდა. ექიმთან წავიყვანეთ. გამოკვლევების შემდეგ გვითხრეს, რომ ყურებში სითხე ჰქონდა და ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებოდა. ეს დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გაგვაჩნდა. ტირილით მივედი დედა ანასთან, დალოცა ჩემი პატარა. ათი დღე დავდიოდით მის ლოცვებზე და ბავშვს სმენა სრულად აღუდგა. ეს უფლის სასწაული იყო! აქ სიარულის დროს კი გავიგე, რომ მესამე შვილს ველოდებოდი. როცა ექიმთან მივედი, მითხრეს, ნაყოფი მომეშორებინა, რადგან ორსულობის დროს ძლიერი ანტიბიოტიკები მქონდა მიღებული. ამის ფონზე კი ეშინოდათ, ბავშვს რაიმე პათოლოგია არ დაჰყოლოდა. ექიმმა გადაწყვიტა, ჩემთვის მედიკამენტური აბორტი გაეკეთებინა. ეს უდიდესი სტრესი იყო. ისევ დედა ანასთან მივედი ტირილით და რჩევა ვკითხე. მითხრა, არავის მოუსმინო, ჩემი თუ გჯერა, ეს ბავშვი გააჩინე და უნაკლო ბიჭი იქნებაო. იმ დღის შემდეგ აღარ მიტირია. ვიცოდი, ჩემი პატარა კარგად იქნებოდა. ორსულობის პერიოდში მის ლოცვებზე ხშირად დავდიოდი. ჩემი შვილი მართლაც ჯანმრთელი დაიბადა. ახლა უკვე რვა თვისაა. როცა დედა ანასთან მიგვყავს, სიხარულისგან აღარ იცის, რა გააკეთოს. ალბათ, გრძნობს, რომ მან გადაარჩინა. ეს ღვთის დიდი წყალობაა, რომ დედა ანას შევხვდი. მადლობა უფალს, რომ ის არსებობს. ჩემი პატარა სიკვდილისგან იხსნა. საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რომ მუცლად მყოფი ბავშვის მოცილებას ვაპირებდი. დედა ანამ კი ამ საშინელების ჩადენის უფლება არ მომცა!
კომენტარები