ივანიშვილმა სააკაშვილი მოინახულა? - მორიგი სკანდალური შეთანხმება
პოლიტიკა
11-01-2022, 20:06
ივანიშვილმა სააკაშვილი მოინახულა? - მორიგი სკანდალური შეთანხმება
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– თქვენი პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დროა, სააკაშვილი და ივანიშვილი წავიდნენ პოლიტიკიდანო. მე ვეთანხმები მის ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა.
– კი, თქვა და ცხადია, მეც ვეთანხმები. მათ ხელოვნურად აქვთ გაყოფილი პოლიტიკური ველი, ერთმანეთს ასულდგმულებენ და არ აძლევენ საშუალებას სხვა პოლიტიკურ ძალებს, განვითარდნენ, დაიკავონ შესაბამისი მდგომარეობა საზოგადოებაში. ორივენი ოლიგარქიული განაყრებია. ორივენი მილიარდერები არიან და ეს გაითვალისწინეთ. ფლობენ სატელევიზიო და სხვა მედია რესურსებს, ამ დიდი ფულით ყიდულობენ ხმებს და გუდავენ და ახრჩობენ სხვა პარტიებს. ხალხის თვალის ასახვევად, ვითომ ერთმანეთის კონკურენტები არიან და ხელოვნური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ერთმანეთის ზიზღით კვებავენ საკუთარ ამომრჩეველს. ამიტომ გვაქვს ჩამოშლილი, ჩამონგრეული სახელმწიფო. 30 წლის მანძილზე ვერ შევძელით ნორმალური, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, თუ არ ჩავთვლით 1990 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც კომუნისტებმა ჩაატარეს და რის შედეგადაც ეროვნული ძალები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან, გახსნის პოლიტიკურ ველს. მოისპობა პოლიტიკური მონოპოლია ქვეყანაში და სხვა პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ შანსი, რეალურად რასაც წარმოადგენენ, ის შესაძლებლობები დაანახონ საზოგადოებას. აღარ იქნება ხმების გაყალბება, ყიდვა და ათასი უბედურება. ყველა უბედურება რაც გვჭირს, ამ ოლიგარქიული ჯგუფების შეთანხმებით, პოლიტიკური ველის მონოპოლიზირების ბრალია. ჯერ იყო და „მოქკავშირმა“ და „აღორძინებამ“ ჩაიგდეს ქართული პოლიტიკა ხელში, ვითომ სამკვდრო სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი და ყველა კრიტიკულ მომენტში ერთმანეთს მხარს უჭერდნენ. ასე არიან დღესაც „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. მათმა 18-წლიანმა მმართველობამ დაანგრია ქვეყანა და განვითარების შანსი მინიმუმამდე დაუყვანა.
– ისიც ვთქვათ, ხალხი როდესაც სამართლიანობის აღდგენას, „ნაცების“ მმართველობის დროს წართმეული ბიზნესისა და კერძო ქონების დაბრუნებას ითხოვს, ამის გაკეთება „ნაცებისა“ და „ქართული ოცნების“ ამ ფარული გარიგების მოშლის გარეშე შეუძლებელია. ხალხს რაც „ნაცებმა“ წაართვეს, ის ქონება და ბიზნესი „ქართული ოცნების“ გავლენიან ლიდერებს გაუყვეს და იმ წართმეული ქონების ნაწილს დღევანდელი ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენები და ჩინოვნიკები ფლობენ. ამ ნა წილში სამართლიანობა რომ აღადგინოს „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ თავისიანებსაც უნდა დაერიოს.
– რა თქმა უნდა, ყველაფერი გადაინაწილეს, დაზარალებული ხალხი შორიდან უყურებს, როგორ ამუშავებენ მათ ბიზნესებს ერთად „ნაცები“ და „ქოცები“ და დიდ ფულს შოულობენ. ცხადია, „ქართული ოცნება“ სამართლიანობას არ აღადგენს, რადგან მაშინ საკუთარი გუნდის წევრებს უნდა წაართვას ის ხალხის ის ქონება, რაც „ნაცებმა“ გაუყვეს. ეს არის ოლიგარქიის შედეგი. ამათ ყველაფერი გადანაწილებული აქვთ და არა მარტო „ნაცების“ დროს წართმეული ქონება და ბიზნესი, არამედ ესენი აკონტროლებენ ყველაფერს – ბანკებს, ენერგოკომპანიებს, ინტერნეტ–პროვაიდერებს, სამშენებლო კომპანიებს, სუპერმარკეტების ქსელებს, ფარმაცევტულ და სამედიცინო ბიზნესს, ექსპორტ–იმპორტს… საშუალებას არ აძლევენ საშუალო და მცირე ბიზნესს, რომ განვითარდნენ. ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყნებში, მათი ეკონომიკის 60–70 პროცენტს, მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს, ისინი ქმნიან ყველაზე დიდ დოვლათს, სამუშაო ადგილებს და ყველაზე მეტსაც ისინი იხდიან ბიუჯეტში. აქ მოგუდეს ყველაფერი და ბიზნესი მოექცა რამდენიმე ოჯახის ხელში. კონკურენცია მოისპო ქვეყანაში და ამის გამოა, რომ ეკონომიკა ვერ ვითარდება, ფასები ყველაფერზე იზრდება კატასტროფულად, ლარს ისე ათამაშებენ, როგორც უნდათ. „პოლიტიკური ქოლგა“ კი ამ ბიზნესების, მონოპოლისტობის შესანარჩუნებლად სჭირდებათ. ამ ფულს კიდევ, პოლიტიკის მონოპოლიისთვის იყენებენ. მოკლედ, ბიზნესი და პოლიტიკა სრულად აქვთ მონოპოლიზირებული, პოლიტიკას ფულის კეთებისთვის იყენებენ და ფულს პოლიტიკაში მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
ბოლოს, ადგებიან და ჩაანაცვლებენ ერთმანეთს, როგორც 2012 წელს მოხდა, „ქართული ოცნება“ წავა და „ნაცები“ მოვლენ, ეს არის მაგათი გეგმა. 2012 წლამდე ერთად არ ძარცვავდნენ ქვეყანას? ერთად არ ანხორციელებდნენ იმ ლიბერტანიალური ეკონომიკის პროექტებს? ბიძინა ივანიშვილის ხელით და ფულით არ ჩაეყარა ფუნდამენტი, რაზედაც სააკაშვილის ხელისუფლება დაშენდა? რამდენი უბედურება დატრიალდა მერე და ხმა არ ამოუღია ივანიშვილს? 7 ნოემბრის ამბავზე ხმა არ ამოუღია კი არა, პრემიები დაურიგა იმ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს, ვინც ის აქცია დაარბია. ეს ყველამ იცის, მაგრამ სხვა, გაუთქმელი საიდუმლოებები გააჩნიათ და დრო მოვა და ხალხი ამის შესახებაც შეიტყობს.
– გამოსავალი რა არის, ამ უმძიმესი მდგომარეობიდან? ვადამდელი არჩევნები?
– რეალისტები უნდა ვიყოთ, დღეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების რეალური საფუძველი არ არსებობს. „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ერთობლივად „გაიპრავეს“ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები და მეტი საქმე არ აქვთ ახლა, თვითდაშლას გამოაცხადებენ, იმ თბილ ადგილებს მიატოვებენ და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ.
პრობლემა საზოგადოებაშიც არის. ნაწილი ილუზიებში ცხოვრობს, ნაწილი 50 ლარად თუ კარტოფილსა და კიტრზე ჰყიდის ხმებს საარჩევნოდ. ვიდრე ამათ თამაშში ვართ ჩართულნი, ამ ქვეყნის დამაქცევარი ორი პოლიტიკური პარტიიდან ან ერთს ავირჩევთ და ან მეორეს, მანამდე არაფერი გვეშველება. ამ ყალბი წარმოდგენებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და გზა უნდა გავუხსნათ სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანენ. თუ არადა, ვიქნებით ასეთი გლახაკნი. დიმიტრი უზნაძემ ბრძანა, გლახაკნი იმიტომ კი არა ვართ, რომ ღარიბნი ვართ, იმიტომ ვართ ღარიბნი, რომ გლახაკნი ვართო. ამ გლახაკში იგულისხმება ჩვენი გამრუდებული ცნობიერება.
– ხალხი მშიერია, გაუსაძლის ყოფაში ცხოვრობს და ამის მიუხედავად, მაინც არ გამოდიან გარეთ და არ ითხოვენ ხელისუფლებისგან იმას, რაც ეკუთვნით. არ გამოდიან სოციალური მოთხოვნებით, რომ ოდნავ მაინც გაუუმჯობესდეთ ცხოვრება. რა ხდება, ქართველები სხვებზე გამძლენი და ამტანები ვართ? იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული სიღატაკის მიმართ? სხვაგან იგივე რომ ხდება, გამოდის ხალხი გარეთ, კედელთან მიაყენებენ ხელისუფლებას და სახლში მანამდე არ შედიან, ვიდრე მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ. ჩვენ რა გვჭირს?
– ილია ჭავჭავაძე თავის „ბედნიერ ერში“ ქართველ ერზე ამბობს: “… ყოვლად მთმენი,ვით ჯორ-ცხენი“. დიახ, მომთმენები და ამტანები ვართ. მსოფლიოს არც ერთი ხალხი არ მოითმენდა იმას, რასაც ჩვენ ვუძლებთ. საფრანგეთში 15 ევროცენტით მოუმატეს საწვავზე ფასი და დაანგრია ნახევარი პარიზი „ყვითელჟლეტიანთა მოძრაობამ“ და პარიზის გარდა სხვა ქალაქებსაც გადასწვდა მათი პროტესტი. ჩვენ იმათ ვეთაყვანებით, ვინც გვძარცვავს, ვინც გვატყავებს, ვინც აბუჩად გვიგდებს და ჩვენს მმართველებად ამ ხალხს ვირჩევთ.
კომენტარები