"მიშა არასდროს მოჰქცევია ცუდად პარტნიორ ქალებს, ცდილობდა მათთვის კარგი მომავალი შეექმნა, საიმედო ხელში ჩაებარებინა"
პოლიტიკა
10-01-2022, 22:08
"მიშა არასდროს მოჰქცევია ცუდად პარტნიორ ქალებს, ცდილობდა მათთვის კარგი მომავალი შეექმნა, საიმედო ხელში ჩაებარებინა"
"მიშას აქვს უფლება იყოს ბედნიერი - მოიყვანოს ის ქალი, რომელიც დღეს უყვარს, ის ქალი, რომელიც დღეს მას ეტრფის და ელოდება!" - განაცხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წიგნის "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" ავტორმა, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
- რუსულ ეთერში ამბობდით, სააკაშვილის ქალებზე საუბარი გადაჭარბებულია და ეს პიარტექნოლოგიის ნაწილი იყოო.
- რა თქმა უნდა, მიშას იმდენად კარგად ვიცნობ, ზუსტად ვიცი, ეს არ არის მიშას სახე. რუსულ ეთერში არასდროს მიჭორავია მის პირად ცხოვრებაზე, პირიქით, სულ ვამბობდი, ეს გჭირდებათ თქვენ, რადგან, ალბათ, გინდათ გადაფაროთ რაღაცა უფრო სერიოზული-მეთქი.
- თქვენ სააკაშვილს ბავშვობიდან იცნობთ, როგორი ბავშვი იყო? - ნიჭიერი, ჭკვიანი, განებივრებული. ჩვენ ცნობილ და პრესტიჟულ სკოლაში - პირველ ექსპერიმენტულში ვსწავლობდით, სადაც ყველა ვიღაცის შვილი იყო. მერე ორივემ სწავლა ასევე ცნობილ 51-ე სკოლაში გავაგრძელეთ. მას ვერ გაუგეს სკოლელებმა, კლასელებმა, და ეს დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც მიშას ფსიქიკაში დიდ კომპლექსად ჩამოყალიბდა და სამწუხაროდ, გაჰყვა - გახსოვთ, ალბათ, მიშა მოვიდა თუ არა, 14 წლამდე დასწია არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს მისი ბავშვობის ტკივილი იყო.
- რა იყო ამის მიზეზი? - არ უნდოდა გაკვეთილებიდან გაპარვა, შატალოზე წასვლა, მოკლედ, არ იყო გუნდის წევრი. ბულინგი სასტიკი რამ არის და სკოლებში ყოველთვის არსებობდა.
- ანუ სააკაშვილი ბულინგის მსხვერპლი იყო?
- რა თქმა უნდა, 100%-ით მსხვერპლი! სამწუხაროდ, მათ შორის, ვისაც მიშა არ მოსწონდა და მიაჩნდა, რომ უნდა დაებულინგებინა, ერთ-ერთი ჩემი ყოფილი ქმარიც იყო. დღეს ის ცოცხალი აღარ არის... სამაგიეროდ, მიშამ შემდეგში ყველაზე ჯავრი იყარა, ზუსტად ვიცი, პირველი სია, რომელიც დაიდო, ჩემი ყოფილი მეუღლით, ნუკრი ჩაგანავათი იწყებოდა.
მიშას წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლე - 9 წელი ქუჩაში ვიდექი, თუმცა ყველაზე კარგ პირობებს მთავაზობდა... 2002-შიც შევხვდი მას, 2008-შიც, ჩემი სათქმელი ნათქვამი მაქვს, ჩემი სინდისი სუფთაა. მეთიუ ბრაიზასთან ერთად ჩვენი შეხვედრა 2008 წელს შედგა. მითხრა, შენ და შენნაირებს არ მოგინდათ ჩემ გვერდით დგომაო და მაშინაც ისევ ის გულნატკენი თინეიჯერი დავინახე, როგორც ოდესღაც, მე-8 კლასში.
- თქვენი ურთიერთობა როდის აირია? - მისი თანამებრძოლი ვიყავი და ბოლო მომენტში გავეთიშე მორალური წნეხის გამო - მიშას მთავარი მოთხოვნა იყო ჩემი საყვარელი ადამიანის, კრივში მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის დაპატიმრება. სააკაშვილს ერთადერთი პირობა ჰქონდა - გიორგი ჩემი სახლიდან უნდა აეყვანათ და ამაზე ხმა არ უნდა ამომეღო. რა თქმა უნდა, ვერ გავწირავდი ადამიანს, რომელიც, არა აქვს მნიშვნელობა, საყვარელი იყო თუ ვინმე სხვა. სხვათა შორის, მას მერე მიშას არავისთვის უთქვამს, მოროშკინა გაწირეთო - ის, რომ ჯერ სამინისტროდან გამათავისუფლეს, მერე უნივერსიტეტიდან და ა.შ., ცენზურის შედეგი იყო. 2008 წელს სააკაშვილმა ისევ შემომთავაზა რამდენიმე თანამდებობა, მაგრამ მე უარი ვთქვი! ამის მომსწრე იყო ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი.
მიშა არასდროს მოჰქცევია ცუდად პარტნიორ ქალებს, ცდილობდა მათთვის კარგი მომავალი შეექმნა, საიმედო ხელში ჩაებარებინა.
კომენტარები