მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-01-2022, 01:20
ლიონელ მესისთვის 2022 წელი ისე ნამდვილად არ დაიწყო, როგორც საუკეთესო შემთხვევებში ხდება ხოლმე. არგენტინელს კოვიდ 19-ის სიმპტომები გამოუვლინდა და იზოლაციაში მოუწია გადასვლა, თუმცა ახლა პარიზში იმყოფება და წლის ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.
სამხრეთამერიკელს შესაძლებლობა აქვს, რომ 2022 წელს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატაროს. მაშ ასე, მივყვეთ:
ლიგა 1-თან ადაპტაციის დრო გავიდა, ახლა თავის გამოჩენაც უნდა დაიწყოს
ამბობენ, ფეხბურთში ყველაფერი ხდებაო, მაგრამ იმის შანსი, რომ "პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონატი ვერ მოიგოს, ფაქტობრივად, არ არსებობს (მეორეადგილოსან "ნიცას" 13 ქულით უსწრებენ), რაც
იმას ნიშნავს, რომ ლეოს კოლექციას ახალი მედალიც შეემატება. თუმცა, რა თქმა უნდა, "ალბისელესტეს" კაპიტანს უფრო დიდი გეგმები აქვს, ლოგიკურიცაა, ამას დამატებული, ხელმძღვანელობა ითხოვს იმას, რასაც ამდენი წელი "ბარსელონაში" აკეთებდა. მოგეხსენებათ, ახალ გუნდში მესის 1 გოლი და 5 ასისტი აქვს (11 მატჩში).
დაეხმაროს პსჟ-ს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში და გახდეს კიდევ უფრო დიდი ლეგენდა
როგორც უკვე აღვნიშნე, მესის ლიგა 1-ში წარმატებული თამაში არ გამოსდის, თუმცა ამას ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიტყვით. ამ ტურნირზე არგენტინელმა 5 გოლის გატანა უკვე მოასწრო.
ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში უკვე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, დიდებულ შეხვედრას, სავარაუდოდ, ნეიმარი გამოტოვებს (დადასტურებული არ არის). ამიტომ ლეოს კილიან მბაპესთან ერთად გამარჯვებისთვის ყველაფრის გაღება მოუწევს, რათა სანუკვარი ლიგის ტიტული ერთად მოიგონ.
ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი
ყატარში, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლეოს ყველაზე ძვირფასი ტურნირის მოგების უკანასკნელი შანსი ექნება. შეგახსენებთ, "ალბისელესტე" 2014 წელს მიზანთან ახლოს იყო, თუმცა ფინალურ შეხვედრაში გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.
მაგრამ თუ არგენტინის თამაშს შევხედავთ, გამორიცხულიც არაფერია, რადგან ეს ნაკრები კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მესი კი, როგორც ლიდერი, მშვენივრად გამოიყურება.
მე-8 "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა
რა თქმა უნდა, 8 "ოქროს ბურთი" უკვე ფანტასტიკის სფეროა, თუმცა ამას ასე თამამადაც ვერ ვიტყვით. თუ შემტევი ჩემ მიერ ჩამოთვლილ ტურნირებზე წარმატების მიღწევას მოახერხებს, გამორიცხულიც არაფერი იქნება.
მესისთვის 2022 წელი დიდებული და საპასუხისმგებლოა. მოახერხებს თუ არა წარმატებული სვლის გაგრძელებას, ამას დრო გვაჩვენებს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
კომენტარები