"რაც უფრო მეტი თანამებრძოლი ეტყვის სიმართლეს, მით უფრო მეტად დამშვიდდება" - ლევან ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილზე
პოლიტიკა
31-12-2021, 21:34
"რაც უფრო მეტი თანამებრძოლი ეტყვის სიმართლეს, მით უფრო მეტად დამშვიდდება" - ლევან ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილზე
მხარდამჭერების რეაქციას, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.
ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მხარდამჭერთა მიერ გაჟღერებული ფრაზები მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიდან გატაცების შესახებ სასაცილო და ყალბია.
„არც ერთი იმ ადამიანის გულწრფელობის, გონიერებისა და/ან პატიოსნების არ მჯერა, რომელიც აცხადებს: "საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი პრეზიდენტი პუტინის ბრძანებითა და წამების თანხლებით გორის ჰოსპიტალიდან მოიტაცეს, რათა რუსთავის კოლონიაში ფიზიკურ და მენტალურ სიკვდილამდე მიიყვანონ!!! სააკაშვილის გორიდან რუსთავში გადაყვანა პუტინისთვის წინასაახალწლო საჩუქარია!!!" (რატი ბრეგაძე дед мороз გამოდის).
სამარცხვინო, სასაცილო და უყალბესი ფრაზებია!!!
პატიმარი, რომლის მკურნალობა დასრულდა, ჰოსპიტალიდან კოლონიაში გადაიყვანეს. უბრალოდ, ტუსაღს ციხეში ჯდომა არ უნდა, მარტო ყოფნის ეშინია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ ემორჩილება და შეძლებისდაგვარად წინააღმდეგობას უწევს. თან მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის რანგის ფიგურაა და წარმოუდგენელ უსამართლობად ესახება გისოსებს მიღმა აღმოჩენა.
რაც მთავარია, სააკაშვილს არც სინდისი ქენჯნის მისი მმართველობის შედეგად გაუბედურებული ათასობით ადამიანის ბედის გამო.
ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან ცუდად გრძნობს თავს, რადგან თანამებრძოლები მას ილუზიების გაფანტვაში არ ეხმარებიან.
პირიქით, მის ცრურწმენებს კვებავენ და აძლიერებენ,”- წერს ლევან ლორთქიფანიძე და მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებს ურჩევს, ექსპრეზიდენტს სასჯელის მშვიდად მოხდის საშუალება მისცენ.
„დამნაშავე ექს-პრეზიდენტი უნდა იჯდეს ციხეში. მას როგორც მოეწონება, გაუხარდება და ესიამოვნება, ეგრე ვერ მოეწყობა ქვეყანა.
ნუ აგიჟებთ და მიეცით საშუალება მშვიდად მოიხადოს სასჯელი, რომელიც ნახევარი საქართველოს აზრით ძალიან მსუბუქია.
რაც უფრო მეტი თანამებრძოლი ეტყვის სიმართლეს, მით უფრო მეტად დამშვიდდება. რაც უფრო მშვიდად იქნება, მით უფრო ჯანმრთელად იგრძნობს თავს.
თქვენი ბელადი მაინც დაინდეთ და ნუ უღებთ ბოლოს!”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.
კომენტარები