ბელგიური მედია: ჩაკვეტაძემ სტაგნაცია განიცადა და "გენტი" თანახმაა გაასხვისოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
31-12-2021, 01:48
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძის „გენტიდან“ წასვლა მოსალოდნელია. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია და ბელგიელები მასთან განშორების წინააღმდეგი არ არიან.
„გენტს“ იანვარში ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის დამატება უნდა, ამისთვის საჭირო თანხის გამომუშავება კი რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებით შეუძლია. Voetbalnieuws-ი „გენტის“ უახლოეს სატრანსფერო გეგმებზე წერს და მათ შორის, ჩაკვეტაძეზეც.
„გენტი“ სერიოზულადაა დაინტერესებული „ეუპენის“ ფეხბურთელით, ემანუელ აგბადუით. 24 წლის ცენტრალურმა მცველმა უკვე მეორე წელია იუპილერ პრო ლიგაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და „გენტი“ ამიტომ ძალიან მოხიბლულია. თუმცა ტრანსფერი იოლი ნამდვილად არ იქნება. ბოლოს და ბოლოს, კოტ დივუარელმა კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და Transfermarkt.be-ის თანახმად, აფრიკელის საბაზრო ღირებულება 2.2 მილიონი ევროა. „ეუპენმა“ მისი დამატება 2020 წლის ზაფხულში სულ რაღაც 300 000 ევროდ მოახერხა. ამიტომ „გენტს“ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.
კლუბს შეუძლია გარკვეული თანხის შეგროვება ზოგიერთი მოთამაშის მოშორებით. ერთ-ერთი ვაკუუნ ბაიოა, რომელიც შეიძლება იჯარით „სპორტინგ შარლერუაში“ გადავიდეს გამოსყიდვის ოფციით. გარდა ამისა, არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც უფლება ექნებათ იანვარში Ghelamco Arena დატოვონ.
მაგალითად, ზაფხულში ნაყიდი ილომბე მბოიომ „გენტი“ უკვე შეიძლება დატოვოს. თუმცა, ის არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მთავარი მწვრთნელის ჰეინ ვანჰაეზბრუკის გეგმებში არ შედის. ალექსანდერ დე ბრუინი, ჯორდან ბოტაკა და ასევე გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდნენ. ბოტაკა და დე ბრუინი B გუნდში არიან და მთელი სეზონია მთავარ გუნდთან ერთად არ მუშაობენ. ჩაკვეტაძეს სათამაშო წუთები ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელის დარწმუნებას იშვიათად ახერხებდა. დიდი ხნის განმავლობაში მას უზარმაზარ ტალანტად თვლიდნენ, მაგრამ ბევრი ტრავმის გამო ქართველმა სტაგნაცია განიცადა“, - წერს ბელგიური მედია.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ რიგებში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის ბელგიურ გუნდში 2017 წლის ზაფხულიდან ირჯება და კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. ჯერჯერობით, უცნობია იმ გუნდთა ვინაობა, სადაც შეიძლება გიორგიმ კარიერა გააგრძელოს. აქვე გეტყვით, რომ 7 ნომებრიდან მოყოლებული ჩაკვეტაძე მოედანზე ერთადერთხელ გავიდა და სხვა შემთხვევებში განაცხადშიც კი არ ყოფილა.
კომენტარები