მარიტა მეფარიშვილის დედის მიმართვა: ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად"
ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის დედა ანა შოშიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ოჯახის ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ მარიტამ თავი მეგობრებისთვის გაწირა.
მოზარდის დედა მადლობას უხდის ყველას, ვინც მათი ტკივილი გაიზიარა.
"ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი... ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს.
მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ იმქვეყნიურ სამყაროში, უმძიმესი ტკივილი მოგვაყენა. ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად. მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები.
მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი.ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა.
დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად.განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის სიტყვებმა ამ უმძიმეს წუთებში გვანუგეშა.
მადლობა საპატრიარქოს, მეუფე გერასიმეს და ყველა სასულიერო პირს, რომლებიც ჩვენი მარიტასთვის ლოცვას აღავლენენ.უდიდესი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა შალვა კეკელიას და მამა საბა ჭიკაიძეს ამ საოცარი სიყვარულისთვის, ასეთი თანაგრძნობისთვის, იმ გადამდები სიმშვიდისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენთვის. მარიტასთან დამშვიდობებისას, მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, გაგვაძლიერა თითოეული ჩვენგანი. მადლობა ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი შვილისთვის.
ჩვენი მხიარული მარიტა, რომელსაც უყვარდა მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, მეგობრები, ჩოგბურთი სწორედ კორტები იყო გზის დასაწყისი მისი ნათელი მომავლისკენ,კორტები გახდა გზის დასაწყისი მარადიული სასუფევლისკენ. ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი" - წერს მარიტას დედა.