მემუქრებოდა, მაშანტაჟებდა, ძალადობდა... მოითხოვდა აბორტი გამეკეთებინა“ - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია
პოლიტიკა
24-09-2022, 21:23
მემუქრებოდა, მაშანტაჟებდა, ძალადობდა... მოითხოვდა აბორტი გამეკეთებინა“ - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია
ფემინისტური ორგანიზაცია „ფემინა“ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის უმძიმეს ისტორიას ავრცელებს, რომელსაც მეუღლე აბორტის გაკეთებას აიძულებდა.
„უნდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც დაიწყო 2019 წლის 28 აგვისტოს. მაშინ განქორწინებული ქალის სტატუსის მატარებელი გახლდით, რომელსაც ქორწინებიდან ერთი არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავდა და ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
ყველა აქტიურად იყო ჩართული ჩემს პირად ცხოვრებაში, რადგან განქორწინებიდან დაახლოებით 6 წელი იყო გასული და დრო იყო (მათი თქმით) ოჯახი შემექმნა ან პირველს დავბრუნებოდი. არცერთი იყო ჩემთვის მისაღები და არც მეორე, წინ დიდი გეგმები მქონდა. მინდოდა კარიერაში მწვერვალები დამეპყრო, მაგრამ ამ ფსიქოლოგიურმა წნეხმა თავისი როლი ითამაშა უდავოდ და ჩემი საუკეთესო მეგობრის მიერ „გარიგებულ ყმაწვილთან“ დავიწყე ურთიერთობა. რომელიც ასაკით საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მე ხომ ძალიან დიდი „ნაკლი“ მქონდა, შვილიანი ვიყავი!..
თავიდან ყველაფერი ძალიან კარგი და ლამაზი იყო. თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიას ჰგავდა. ყველა დღე ერთი მეორეზე უკეთესი იყო. მიხაროდა და მიყვარდა, მაგრამ ეს ჩემი სიხარული მალე გაქრა. ჩემი საქმრო სხვისი შეყვარებული აღმოჩნდა. პირველი ძალიან დიდი ტკივილი ამ ურთიერთობაში, სწორედ ამ ღალატის დროს ვიგრძენი. თითქოს მივეჩვიე უიმისოდ ყოფნას და ერთ მშვენიერ დღეს ისევ გამოჩნდა.
გამოჩნდა და არია ჩემი გრძნობები, ფიქრები. მახსოვს, როგორ უსიტყვოდ გადავეშვი ვნებების ქარცეცხლში. აი, სწორედ ეს საღამო აღმოჩნდა საბედისწერო ჩემს ცხოვრებაში.
ყველაფერი შეიცვალა და იმ ღამის შედეგმა დაახლოებით ორ კვირაში იჩინა თავი ჩემში. თითქოს ნაცნობი, მაგრამ უცხო შეგრძნებები აღარ მასვენებდა და გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. პირველი რეაქცია იყო უსაზღვრო ბედნიერების, მაგრამ მთავარი იყო როგორ მიმეტანა ეს ყველაფერი მის მეორე მშობლამდე.
გადავწყვიტე ხანგრძლივი სატელეფონო ზარის შემდეგ მისთვის შეტყობინება გამეგზავნა, სადაც ვაუწყებდი ამ ამბავს. არასდროს დამავიწყდება მისი ხმა, დღესაც კი უკვე წლები გავიდა და ყურში ზუსტად ისევ ისე ჩამესმის. ჩემგან მოსმენილმა გააღიზიანა, გააგიჟა და სასწრაფოდ მოითხოვდა აბორტი გამეკეთებინა, რომელზეც მე არ დავთანხმდი. მე მინდოდა ჩემი შვილი გამეჩინა და მისგან არაფერს ვითხოვდი, მაგრამ ის ჩვეულ რუტინას აგრძელებდა, ცდილობდა ჩემს ფიქრებში დომინირებას. მემუქრებოდა, მაშანტაჟებდა, ძალადობდა ჩემზე ფსიქიკურად. სურდა მაქსიმალურად გავეტეხე და მის აზრზე დავეყვანე, მაგრამ არ გამოუვიდა!
კომენტარები