
მბაპეს დედა: "პსჟ-სთან ან რომელიმე გუნდთან შეთანხმებას უარვყოფთ, კილიანის პრიორიტეტად კვლავ რეალი რჩება, დისკუსიები გრძელდება"
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:12
კილიან მბაპეს დედამ Marca-სთან საუბარში Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
„პსჟ-სთან ან სხვა რომელიმე გუნდთან რაიმე სახის მიღწეულ შეთანხმებას კატეგორიულად უარვყოფთ. მბაპეს ჯერ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება არ მიუღია და მოლაპარაკებები გრძელდება.
ყველას გვინდა, რომ მან საუკეთესო არჩევანი გააკეთოს. მისთვის მთავარ პრიორიტეტად კვლავ მადრიდის „რეალი“ რჩება.“ - აღნიშნა მბაპეს დედამ, ფაიზა ლამარიმ ესპანურ პრესასთან საუბარში.
თავის მხრივ, ესპანელი ჟურნალისტი მარიო კორტეგანა იტყობინება, რომ მადრიდის „რეალში“ ამ ინფორმაციას მშვიდად შეხვდნენ, ისინი ფიქრობენ, რომ რაც გასაკეთებელი ჰქონდათ უკვე გააკეთეს და ელოდებიან, როდის მიიღებს მბაპე საბოლოო გადაწყვეტილებას.
Le Parisien-ის ინფორმაცია ასევე უარყო ავტორიტეტულმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მბაპეს გარემოცვა უარყოფს „პსჟ-სთან“ რაიმე სახის შეთანხმებას.
კომენტარები