
‘ახლა ჩვენ ვიზრუნებთ ყველაზე, ვინც გიყვარდა’ - დე ლიხტის დაპირება რაიოლას
ახალი ამბები / ფეხბურთი
3-05-2022, 00:08
საფეხბურთო სამყარო მინო რაიოლას გარდაცვალებას გლოვობს. 54 წლის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტის გარდაცვალებას ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პოსტი იუვენტუსის და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა მატეის დე ლიხტმა მიუძღვნა. მან ინსტაგრამზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
“ძვირფასო მინო, სიმართლე ვთქვა, ამ ტექსტის დასაწერად მზად არ ვარ და ვფიქრობ, არც არასდროს ვიქნები, - ასე იწყება 22 წლის დე ლიხტის წერილი, - ასეთი რამ ზედმეტად ადრეა ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, შენი ოჯახისთვის და პირველ რიგში შენთვის. შენ კიდევ იმდენი ოცნება გქონდა, იმდენი საქმე გქონდა გასაკეთებელი…”
რაიოლამ დე ლიხტი 2019 წელს ამსტერდამის აიაქსიდან იუვეში გადაიყვანა, ტურინელებმა მის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადეს. “როცა შენს გეგმებზე მიყვებოდი, გიჟად მიგიჩნევდი, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის მართალი იყავი. შენ იცოდი, როგორ ფუნქციონირებს მსოფლიო. შეუძლებელი არაფერია და შენ ამას მთელ მსოფლიოს უჩვენებდი და უმტკიცებდი.” - წერს დე ლიხტი.
ნიდერლანდელის თქმით, მინო რაიოლა თავის გუნდთან ერთად თავისი ფეხბურთელებისთვის იბრძოდა და ამიტომაც უყვარდა ყველას: “ყოველთვის ამბობდი, რომ ფეხბურთელები შენი შვილები არიან, შენს ოჯახს მიეკუთვნებიან. ახლა დროა, როლები გავცვალოთ. შენ ჩვენთვის ყველაფერს აკეთებდი და ახლა ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარდა, შენი ოჯახისთვის.”
დე ლიხტი რაიოლას დაჰპირდა: “გპირდები, რომ ვიზრუნებთ ყველაზე, ვინც გიყვარდა! შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. ყოველთვის შემეძლო, დახმარებისთვის მომემართა, ყოველთვის მზად იყავი, ჩემთვის გებრძოლა. მარტო ფეხბურთზე კი არა, ცხოვრებაზეც ვლაპარაკობდით. იმდენი რამ იცოდი, რომ ვბრაზდები, უფრო მეტი რატომ არ გკითხე, უფრო ხშირად რატომ არ გელაპარაკე. დარწმუნებული ვარ, ოდესმე ისევ გკითხავ რაღაცებს და ისევ ჩაგიკრავ გულში. უკვე ძალიან მენატრები. მიყვარხარ, მინო.”
კომენტარები