"საუდის არაბეთს მივაწვეთ", - ესპანეთის სუპერთასის საუდის არაბეთში გადატანაში ჟერარ პიკეს ხელი ურევია
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-04-2022, 09:59
როგორც გამოცემა El Confidencial-მა ექსკლუზიურად გაარკვია, ჟერარ პიკეს კომპანიის ხელი ურევია იმაში, რომ ესპანეთის სუპერთასის ჩატარების ადგილი საუდის არაბეთი გახდა.
როგორც ხსენებულმა წყარომ გაარკვია, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ტურნირის საუდის არაბეთში გადატანა კომპანია Kosmos-თან მოაგვარა, რომელიც „ბარსელონას“ მცველს ეკუთვნის.
პიკეს კომპანია საუდის არაბეთსა და ფედერაციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა, რაშიც წლიურად 4 მილიონ ევროს იღებს. გამომდინარე იქიდან, რომ საუდის არაბეთში ამ ტურნირის ჯამში ექვსჯერ ჩატარება იგეგმება, პიკეს კომპანია საბოლოოდ 24 მილიონით გამდიდრდება.
შეთანხმება საუდის არაბეთში ტურნირის გადატანაზე 2019 წელს შედგა. მაშინ ფედერაციამ აღიარა, რომ Kosmos-ი მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ლუის რუბიალესი პიკეს კომპანიისთვის რაიმე ჩარიცხვებს უარყოფდა.
El Confidencial-ის მიერ მოპოვებულ აუდიო-ჩანაწერში შეგვიძლია მოვისმინოთ პიკეს და რუბიალესის საუბარიც:
„რუბი, შეხედე. მეგობარო, თუ საქმე ფულს ეხება, მაშინ „რეალი“ მონაწილეობაში 8 მილიონ ევროს დათანხმდება. შეგიძლია მისცე „რეალს“ 8 მილიონი, „ბარსასაც“ 8, დანარჩენებში კი 2 და 1 მილიონი გადაანაწილო. ფედერაციას 6 მილიონი დარჩება. შეგვიძლია, საუდის არაბეთს მივაწვეთ და დამატებითი 1-2 მილიონი ევროც გადავახდევინოთ.“ - ეუბნებოდა პიკე რუბიალესს.
სხვა აუდიო-ჩანაწერში რუბიალესი პიკეს შეთანხმების მიღწევას ულოცავს და ყველაფრისთვის მადლობას უხდის.
კომენტარები