რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ
პოლიტიკა
3-03-2022, 22:08
რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ
უკვე წლებია, რუსეთის პრეზიდენტის შვილების მიმართ მედიისა და საზოგადოების ინტერესი არ ნელდება. თავად ვლადიმერ პუტინი შეკითხვებს პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ, ყოველთვის გაურბის.
ინტერნეტსივრცეში თითქმის არ მოიპოვება რუსეთის ლიდერის შვილების ოფიციალური ფოტოები, მათ ზუსტ სახელებზეც კი კამათობენ, ხოლო სხვადასხვა წყარო მათ გვარებსაც განსხვავებულად მოიხსენიებს.
მედიაში ყველაზე ხშირად ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ორ ქალიშვილზე - ეკატერინასა და მარიაზე ვრცელდება, თუმცა პუტინს მათი რეალური ვინაობა არასდროს დაუდასტურებია. მედიის ცნობით, ორივე რუსეთის პირველი პირისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილა პუტინას ქალიშვილები არიან.
კატერინა, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა, "რუსეთის ბანკის" ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერის ნიკოლაი შამალოვის შვილზე, კირილ შამალოვზეა დაქორწინებული. ნიკოლაი შამალოვი ბანკის გარდა კიდევ რამდენიმე მსხვილ კომპანიაშია, მათ შორის "სიბურ ჰოლდინგის“, რუსული ქიმიური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. კატერინას მამამთილი ვლადიმერ პუტინის ძველი, ახლო მეგობარია, ბანკი "როსია" კი "რუსული ელიტის ბანკად" არის ცნობილი.
უცნობია, ჰყავთ თუ არა კატერინასა და კირილს შვილები. თავად ეკატერინას წარმატებული საცეკვაო და არა მხოლოდ, საცეკვაო კარიერა აქვს. ის გახლავთ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ინტელექტუალური განვითარების ფონდისა და ეროვნული ინტელექტუალური ცენტრის დირექტორი, ასევე ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრს.
მედიის ცნობით, ცოლ-ქმრის მფლობელობაში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებაა, მათ შორის ვილები და ძვირადღირებული იახტები ევროპაში. ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ პუტინის უმცროს ქალიშვილს რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან მრავალმილიონიანი კონტრაქტები აქვს გაფორმებული.
უფრო მწირია ინფორმაცია მარია პუტინაზე. სოციალურ ქსელებში და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილება ფაქტი, რომ მარია ვორონცოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის "პირველ არხთან" ძვირადღირებული სამედიცინო კომპანიის შექმნაზე ისაუბრა, სინამდვილეში მარია პუტინაა. მარიამ 894 მილიონ დოლარად ღირებული სამედიცინო კომპანიის გახსნა დააანონსა, რომელიც კიბოს კვლევებზე იმუშავებს.
BBC-ის ცნობით, ეს რუსეთის მასშტაბით, სამედიცინო სექტორში ყველაზე მასშტაბური კერძო საინვესტიციო პროექტია.
რუსული გამოცემები წერენ, რომ პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობდა, თუმცა ამჟამად მოსკოვის მდიდრულ უბანში დასახლდა. ის დაქორწინებულია ჰოლანდიელ მამაკაცზე და მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ. 2017 წელს, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ წყვილმა 3 მილიონ დოლარად შეფასებული პენტჰაუსი გაყიდა.
რაც შეეხება მარიას განათლებას, ის სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მარია აქტიურად არის ჩართული სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობაში.
ვლადიმერ პუტინს შეკითხვა ქალიშვილების შესახებ რამდენიმე დღის წინ, წლის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე BBC-ის ჟურნალისტმაც დაუსვა. ჟურნალისტის თქმით, კომპანია "ინოპრაქტიკამ", რომლის დირექტორი კატერინა ტიხონოვია, გასულ წელს ნახევარი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, მარია ვორონცოვას კომპანია კი აშენებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლინიკას სანკტ-პეტერბურგში, რაშიც მათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ეხმარებიან.
"მათ ტელევიზიით სულ უფრო ხშირად აჩვენებენ, მათი სახელები, გარეგნობა ყველასთვის ნაცნობია. როდის აღიარებთ რომ ისინი თქვენი შვილები არიან?“ - მიმართა პუტინს ჟურნალისტმა.
"თქვენ ახსენეთ ერთი, მეორე ქალბატონი. ახსენეთ გარკვეული წილები, ბიზნესები. თქვენ უბრალოდ ფაქტი დააფიქსირეთ. ეს საკმარისი არ არის. როცა მსგავს რაღაცეებში ერევი, უნდა გაარკვიოთ, რა ბიზნესია თუ მართლა არის, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება" - ორაზროვნად უპასუხა პუტინმა შეკითხვას.
ბოლო წლებში, მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ვლადიმერ პუტინს კიდევ ჰყავს შვილები, რომელთა დედაც რუსი ტანმოვარჯიშე, ალინა კაბაევაა. კაბაევას მედია ხან პუტინის მეგობარ გოგონად, ხან საცოლედ და ზოგჯერ ცოლადაც მოიხსენიებს, თუმცა თავად რუსეთის პრეზიდენტს არც კაბაევასთან ურთიერთობა და არც მასთან საერთო შვილის ყოლა არ დაუდასტურებია.
მიმდინარე წლის მაისში, ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ 36 წლის კაბაევას და 67 წლის ვლადიმერ პუტინს, ტყუპი ვაჟები ჰყავთ. ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გამოაქვეყნა სახელწოდებით - „ალინა კაბაევას ტყუპი ვაჟი შეეძინა და გაქრა“, თუმცა მოგვიანებით, ტაბლოიდი, რომელიც ამის შესახებ წერდა, დაიხურა.
კომენტარები