ხვიჩას სხვანაირი "გაზაფხული" - ძველებური "კვარა" ბრუნდება...

ხვიჩას სხვანაირი "გაზაფხული" - ძველებური "კვარა" ბრუნდება...

ახალი ამბები / საქართველო
11-03-2022, 01:30



ყაზანის "რუბინმა" ზამთრის საკმაოდ ხანგრძლივი შესვენება აქტიურად გამოიყენა და სეზონის განახლებისთვის ფაქტობრივად, სრულფასოვნად მზადაა. ლეონიდ სლუცკის გუნდს ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება სჭირდება, ამავდროულად კი, ევროტურნირებზე გასვლა რუსეთის თასითაცაა შესაძლებელი.

ფაქტია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმაზე ყაზანელთა წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული. გასულ სეზონში, როცა ქართველი გარემარბის შეჩერება უჭირდათ, "რუბინმა" საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია, ოღონდ... შიდა ასპარეზზე. კონფერენს ლიგაზე რუსები პოლონურ "რაკუვთან" დამარცხდნენ...

ხვიჩა ძველებურად ძლიერია?

რა თქმა უნდა, სატრანსფერო ციებ-ცხელება ნებისმიერ ფეხბურთელზე მოქმედებს - ამ გამოწვევის წინაშე ვ
არკვლავებიც კი მდგარან. შორს რომ არ წავიდეთ, კონტრაქტთან დაკავშირებული დეტალები ლიონელ მესისაც კი ნეგატიურ დაღს ასვამდა - ამ დროს, გარკვეულწილად, გაუგებრობასა და მოლოდინში ხარ. გარდა ამისა, როცა ამა თუ იმ გუნდთან დამშვიდობებას გადაწყვეტ, თითოეული სიტყვა უნდა აწონ-დაწონო, რადგან, ტრანსფერის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ისევ აქ უნდა დარჩე...

ხვიჩამ პატარა ასაკის და იმის მიუხედავად, რომ მორიდებული ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამ გამოწვევებს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაუძლო. კი, გარკვეული კვალი მას ეტყობოდა, ამას ტრავმაც დაერთო, მაგრამ კვარაცხელია ყაზანში ისევ "მთავარი კაცია". დრაიერი გუნდს მშვენივრად მოერგო და გოლებიც გააქვს, მან ლიდერობისკენაც გაიწია, თუმცა აქ "კვარაა"...

ბოლო ტესტ-მატჩი

"ზენიტთან" დაპირისპირებამდე ერთ-ერთ უკანასკნელ სპარინგში (ცსკა-სთან) სლუცკი კვარაცხელიას უფრო მეტად დაეყრდნო. იგრძნობოდა, რომ ექსპერიმენტების დრო უკვე ნაკლებადაა. კვარაცხელიას თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო - ბურთს ითხოვდა, თავის საფირმო ფანდს საკმაოდ ხშირად მიმართავდა - მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ მარჯვენა ფეხით მიიწევდა, არც კარში დარტყმას მორიდებია და ზემოხსენებულ დრაიერს ეფექტურად, ქუსლით ისეთი პასი გაუკეთა, რუსეთის პრემიერლიგაში ბევრს რომ გაუჭირდება...

ყაზანელთა თითოეულ ამხანაგურ დაპირისპირებაში შეინიშნებოდა, რომ სლუცკი "კვარას" აქტიური პრესინგის თამაშს ავალებდა. ხვიჩა, რომელიც ართმევებითა და დაცვის დახმარებით გამორჩეულია, ამ კომპონენტში ახლა ნაკლებად აქტიური ჩანდა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანების გამო ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო...

ხვიჩა და ტრავმა

სლუცკიმ აგვანერვიულა - ხვიჩას მუხლის ქრონიკულ ტრავმასთან ერთად "ცხოვრება" მოუწევსო. რა თქმა უნდა, ქართველმა ფეხბურთელმა სიფრთხილე არ უნდა დაკარგოს, თუმცა კვარაცხელიას ერთი სახასიათო ნიშანი აქვს - არაფერს უშინდება და არც კომპლექსების ტყვეობაში ექცევა. ქართველ გარემარბს "წმინდა სპორტული" ბევრი თვისება აქვს, რაც მის კარიერას კარგად ეხმარება...

იმედია, მუხლში დისკომფორტს ის ნაკლებად იგრძნობს და ეს ხელს არ შეუშლის...

როცა გუნდი შენს უპირატესობას (ვერ) იყენებს...

ვისაც პრემიერლიგის პირველ ნაწილში "რუბინის" თამაშებისთვის თვალი მიუდევნებია, იოლად შენიშნავდა, რომ ხვიჩას მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა და არც ხისტ თამაშს ერიდებიან. ამ დროს, ერთ-ერთი, რაც უნდა მოხდეს, თანაგუნდელებმა თავისუფალი ზონები აითვისონ და ამით გუნდს წარმატება მოუტანონ. ფაქტია, ამას ნაკლებად ვხედავდით. თუკი კვარაცხელიას ვინმე კარგად უგებდა, ეს დესპოტოვიჩი იყო, რომელიც ახლა გუნდში აღარაა.

როგორი ლიდერიც უნდა იყო, თანამედროვე ფეხბურთში სისტემური წარმატება გუნდურობას უკავშირდება...

კვარაცხელია და ნაკრები

რა თქმა უნდა, კლუბში ყოველდღიური წარმატება გვახარებს და ლეგიონერი ეროვნულ ნაკრებში კარგ ფორმაში რომ ჩამოდის, ესეც, მაგრამ არც ისე კარგი სეზონის მიუხედავად, "კვარა" ვილი სანიოლის გუნდში გამორჩეული იყო და თუნდაც შემოდგომაზე შვედეთის ნაკრებთან უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარა და ევროპული მედია ისევ "აალაპარაკა".

ახლოს მარტის ამხანაგური შეხვედრებია, მთავარი კი ივნისშია. "ერთა ლიგის" სტარტი სატრანსფერო სეზონის გახსნას ემთხვევა. ხვიჩა პროფესიონალია და მას ფიქრები არ "გაექცევა", თუმცა მაინც სასურველია, გარკვეულმა მითქმა-მოთქმამ მასზე ნეგატიური გავლენები არ მოახდინოს და სრულად კონცენტრირდეს...


"კვარა" და ტრანსფერი

და მაინც - როგორი სეზონიც უნდა ჰქონდეს ხვიჩას და რა სანაკრებო შეხვედრებიც უნდა გამართოს, ქართველი გულშემატკივრების ერთ-ერთი მთავარი სურვილია, ის ტოპ-ლიგაში იხილოს. გარემარბს ამის ყველა რესურსი აქვს, მაგრამ მისი განხორციელება ზოგიერთს ძალიან მარტივად და "ერთი ხელის მოსმით" წარმოუდგენია. კი, ასეთი შემთხვევებიც გვინახავს, თუმცა სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება...

აი, ცოტა ხნის წინ გიორგი ჩაკვეტაძე, ცოტათი მოულოდნელად, გერმანიაში ვიხილეთ და ის უკვე გვარწმუნებს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ამ დონეზე თამაშიც შეუძლიათ და უფრო მაღლაც (გიორგი მამარდაშვილი "ლა ლიგაშია") - ერთ-ერთი მთავარი ნდობა და შანსის მიცემაა.

ადრე დასახელებული პრემიერლიგა თუ სერია "ა" კვარაცხელიასთვის დაუძლეველი ბარიერი არ უნდა იყოს, მაგრამ ამის მიმართ გადამეტებულმა მოლოდინმა ხვიჩა აქ და ახლა არ უნდა დააზარალოს - კვარაცხელიას შეუძლია სხვანაირი გაზაფხული მოიყვანოს, დანარჩენი კი შემდეგ ვნახოთ...



კომენტარები
"რუბინმა" შესაძლოა, "ფიორენტინას" შემტევი შეიძინოს - "ხვიჩაც წასვლაზე ფიქრობს"
"რუბინმა" შესაძლოა, "ფიორენტინას" შემტევი...
18-02-2022, 00:48
კვარაცხელიამ რუბინის შემადგენლობაში ტრავმა მიიღო
კვარაცხელიამ რუბინის შემადგენლობაში ტრავმა მიიღო...
15-02-2022, 01:13
ბათუმის "დინამო" კვარაცხელიას "რუბინს" დაუპირისპირდება
ბათუმის "დინამო" კვარაცხელიას "რუბინს"...
2-02-2022, 00:45
ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა
ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა...
29-01-2022, 01:13
"რუბინში" ესმით, რომ ხვიჩასთან თანამშრომლობა სარგებელს არცერთს მოუტანს - Sport24
"რუბინში" ესმით, რომ ხვიჩასთან თანამშრომლობა...
25-01-2022, 00:57
კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football
კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს...
10-01-2022, 01:16
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно