ლევან კორღალიძე: გვსურს ევროტურნირებზე კარგად წარმოვაჩინოთ თავი და რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ

ლევან კორღალიძე: გვსურს ევროტურნირებზე კარგად წარმოვაჩინოთ თავი და რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ

ახალი ამბები
12-01-2022, 01:21



გასულ წელს “საბურთალოს” ახალგაზრდა სპეციალისტმა ლევან კორღალიძემ მწვრთნელის რანგში პირველი ჯილდო მოიგო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალშიც ეცდება სხვადასხვა ტიტულის მოგებას. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ 41 წლის მწვრთნელი და “საბურთალო” მომავალშიც ითანამშრომლებენ. განვლილ წელსა და სამომავლო გეგმებზე თავად ლევან კორღალიძე გვესაუბრება:

– ლევან, თავდაპირველად თქვენსა და კლუბის ურთიერთობაზე ვთქვათ – რა ვადით გადაწყვიტეთ თანამშრომლობა?
– ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანია, ორივე მხრიდან იყო მზაობა, რომ ერთობლივი მუშაობა გაგვეგრძელებინა. დავისახეთ ახალი მიზნები, რომელსაც ვფიქრობ ერთობლივი ძალებით განვახორციელებთ. წლევანდელი წელი უკეთესი უნდა
იყოს განვლილზე. რომ გადავხედოთ გასულ წლებს, ვნახავთ, რომ “საბურთალო” ყოველთვის მაღალ პოზიციებზე მებრძოლი და სტაბილური კლუბია. გუნდს გააჩნია თავისი აკადემია, რომლისგანაც შევსებას სისტემატურად იღებს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და ტრადიციულად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

კლუბის ხელმძღვანელებისგან დიდ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, რომ “საბურთალო” ბევრად წარმატებული იყოს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. გვსურს, რომ ევროტურნირებზე კარგად წარმოვაჩინოთ თავი და რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ, ასევე შიდა პირველობაზე რომელიმე ტიტული მოვიგოთ.

– გასული წელი რომ შევაფასოთ – როგორი იყო 2021 წელი?
– მართალია, შარშან გარკვეული რყევები გვქონდა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ უტიტულოდ არ დავრჩით. სამეულში ვერ მოვხვდით, თუმცა მოვიგეთ თასი და მოვიპოვეთ ევროტურნირის საგზური.

– გასული სეზონის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, თუმცა მიიღეთ სოლიდური შევსებაც. ბევრი საუბრობს, რომ 2022 წელს “საბურთალო” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. რამდენად კმაყოფილი ხართ სელექციით?
– მინდა მადლობა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც წავიდნენ. მათ დიდი შრომა გაწიეს და წვლილი შეიტანეს “საბურთალოს” წარმატებაში. რაც შეეხება მატებას – დიდი იმედი მაქვს ახალწვეულების, ისინი კვალიფიციური და გამოცდილი ფეხბურთელები არიან. მინდა ყველა მათგანს, რომლებიც მომავალში “საბურთალოს” მაისურას მოირგებენ, წარმატებები და წინსვლა ვუსურვო. არ მგონია ახალწვეულებს ადაპტაცია გაუჭირდეთ, მათ რიცხვში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიცაა, რომლებიც 2-3 წლის წინ ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ.

– სასიამოვნო ფაქტია, რომ საინტერესო გუნდი ხდება ქუთაისის “ტორპედო” და სხვა კლუბებთან ერთად, მაღალი მიზნებისთვის იმერლებიც იბრძოლებენ. როგორი იქნება 2022 წლის სეზონი?
– უკეთესის მოლოდინი მაქვს, როგორც ყოველთვის, ანგარიშგასაწევი და ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება. ბევრი გამოწვევები გველის და კარგად უნდა გავართვათ თავი. გასულ წელს თუ თასი მოვიგეთ, წლეულს სხვა ტიტულებზეც უნდა ვიფიქროთ.

საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში მოგება, არაა მარტივი. ყველასთან დიდი ბრძოლა გიწევს, საკუთარ კედლებში თუ სტუმრად. თბილისისა თუ ბათუმის დინამოები, “დილა”, “ტორპედო”, “სამგურალი” – ეს გუნდები ზედა პოზიციებისთვის იბრძოლებენ.

– 2021 წლის მიწურულს არასასიამოვნო ფაქტიც მოხდა – “ლოკომოტივის” ძირითადმა ბირთვმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ფინანსური პრობლემების გამო დატოვა კლუბი. რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს?
– არც ისე დიდ ხნის წინ “ლოკომოტივში” ვმუშაობდი, ეს კლუბი ჩემთვის რიგითი კლუბი არაა. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ასეთი სიმპატიური გუნდი ფაქტობრივად დაიშალა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდება. ხელშეწყობა უნდა მოხდეს, რათა ბევრი ძლიერი და კარგი გუნდები გვყავდეს საქართველოში. ეს, ისევ და ისევ ჩვენს წინსვლასა და წარმატებაზე აისახება.

– ზემოთ ახალი გამოწვევები ახსენეთ. ახალი გამოწვევა თებერვალში, სუპერთასის მატჩით იწყება, შემდეგ ჩემპიონატი და თასი, მერე ევროტურნირები. მზად არის გუნდი ამ ყველაფრისთვის?
– გუნდში სასიამოვნო და საბრძოლო განწყობაა, ყველანი შემართებითა და იმედიანად ვართ. სუპერთასამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, თუმცა მანამდე სრულყოფილად მოვემზადებით. მომავალი მეტოქე სუპერთასზე ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ მორიგი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.

– მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგეთ. ახლანდელი გადასახედიდან, როგორ გაიხსენებთ იმ დღეს?
– ფეხბურთელობისას ბევრი პრიზი თუ ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ მწვრთნელისა თუ ფეხბურთელობის პერიოდში მოგებულ ჯილდოს შორის, დიდი განსხვავება ყოფილა. რთული იყო ემოციების გაკონტროლება, მაგრამ ვცდილობდი გამეკონტროლებინა საკუთარი თავი. იმედია, არ იქნება უკანასკნელი ჯილდო, მსურს რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ეს წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა.

“საბურთალო” ყოველთვის გამოირჩეოდა ერთიანობით, ერთმანეთის გვერდში დგომითა თუ სხვადასხვა მიდგომებით. სწორედ, ამ ერთიანობამ, სწორმა მუშაობამ, დაუღალავმა შრომამ განაპირობა ის, რომ კლუბმა ბოლო ოთხ წელიწადში, ოთხი ტიტული მოიგო. არ არის პატარა ამბავი, სერიოზული მაჩვენებელია.

კლუბის ხელმძღვანელები – ტარიელ ხეჩიკაშვილი, კახა კაშია, გოჩა თამაზაშვილი, კახა ამირიძე – ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურ კომფორტში ვიყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს, ვინც “საბურთალოს” ყოველდღიურ ცხოვრებაშია ჩართული. ძალიან დიდ სამუშაოს ატარებს სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელებიც მაქსიმალურად გვერდში გვიდგანან. აკადემიიდან ყოველწლიურად შევსებას ვიღებთ, რაც კიდევ უფრო გვიმარტივებს მუშაობას. მჯერა, ერთმანეთის გვერდში დგომითა და ბევრი მუშაობით, კიდევ ბევრ წარმატებებს მივაღწევთ.

– თბილისურ და თურქულ შეკრებებზეც რომ გვითხრათ…
– თბილისში მინი შეკრება დავგეგმეთ. სამი ამხანაგური მატჩის გარდა, გვექნება ორჯერადი ვარჯიშებიც. 29 იანვრიდან კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც დასკვნით მომზადებას გავივლით და პარალელურად უცხოური კლუბების წინააღმდეგ, საკონტროლო მატჩებსაც გავმართავთ.

fcsaburtalo.ge


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно