ხვიჩა ჩიხში - როგორმე "რუბინს" თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ როგორ?

ხვიჩა ჩიხში - როგორმე "რუბინს" თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ როგორ?

ახალი ამბები / ფეხბურთი
29-11-2021, 01:16



ხვიჩა ჩიხში - როგორმე "რუბინს" თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ როგორ?

„რუბინი“ მოსკოვის „დინამოსთან“ მოსაგებ მატჩში დამარცხდა (2:3), გუნდთან, რომელიც მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს შეხვედრა დედაქალაქელებს არ მოუგიათ, ყაზანელებმა წააგეს, რადგან მათი გუნდი დაუკომპლექტებელია და თუნდაც რუსეთში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია, მისი ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კი ამ დონისთვის კარგა ხანია აშკარად გადაზრდილია და უმოტივაციოდ იმყოფება.

ჩვენებურმა კოჭ-წვივის არეში დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა თავად მოითხოვა. იქამდე კარგად ირჯებოდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა. ნამატჩევს

ის მოედანზე დაბრუნდა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ტანმაღალი ოლივერ აბილდგორის გარეშე სტანდარტულებისას გაუჭირდათ, უხეში შეცდომები დაუშვეს, სასტარტოს ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ აქვს, ხოლო მიხიალ კოსტიუკოვმა ფეხი მოიტეხა და საოპერაციოა. კვარაცხელიაზე არაფერი უთქვამს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სერიოზული არაფერი სჭირს და უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით მოითხოვა შეცვლა, რაც სავსებით გასაგებია.

„რუბინი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და რუსეთშიაც კი არ აქვს არანაირი პერსპექტივა, ამდენად ხვიჩა მოტივაციის გარეშეა და მთავარია, იქაურობას თავი დააღწიოს. რა თქმა უნდა, ამ კლუბმა მისთვის ბევრი გააკეთა და მასში გადაჭარბებულ თანხას სულაც არ ითხოვს - 20 მილიონიც ღირს და უფრო მეტიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ დენის მაკაროვში იმავე მოსკოვის „დინამომ“ 10 მილიონი გადაიხადა, ქართველი თუნდაც ორჯერ მეტი აღარ ღირს?

ხვიჩას შეფასებაში სუბიექტურნი არ ვართ, რამეთუ ყველა საფეხბურთო კომპონენტში ჩინებულია: აქვს შესანიშნავი სისწრაფე და მათ შორის სასტარტო, ტექნიკა, დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშობს, ხედავს მოედანს, ზუსტ და დროულ გადაცემებს აკეთებს, კარგი დარტყმა აქვს, თითქოს ფიზიკურად ძლიერი არ ჩანს, მაგრამ გარღვევაზე წასვლისას მასზე ფიზიკურად ძლიერ მეურვეებს ტანს მოხერხებულად ჩაუდგამს და ამ მხრივაც არ უდებს ტოლს. უკვე დაცვასაც სათანადოდ ეხმარება. რაც მთავარია ახალგაზრდაა, ზრდის პოტენციალი აქვს და გააჩნია ღრმა სათამაშო ინტელექტი.

ისიც არ შეიძლება 20 წლის ბიჭს, ნახევარმცველს, მთელი მოწინააღმდეგე გუნდის მოტყუება, გოლების გატანა და გამარჯვებების მოპოვება მოსთხოვო და ეს მაშინ, როდესაც ყაზანურ გუნდს შეტევების განვითარების სხვა საშუალება ფაქტიურად არ გააჩნია. ყოველივე აქედან გამომდინარე, თავსაც უფრთხილდება და არ სურს, ღმერთმა დაიფაროს და კოსტიუკოვის ბედი გაიზიროს. ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, რას ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სერიოზული ტრავმის მიღება.

გამოსავალი მხოლოდ წასვლაა, მაგრამ კლუბი ასე ადვილად ვერ შელევა და მათი პოზიციაც გასაგებია, ამიტომ რაღაც კომპრომისი უნდა გამოინახოს, თორემ სიტუაცია ჩიხში შევიდა. ვინმე კომპეტენტურმა ამ საქმეს ხელი უნდა მოკიდოს და „რუბინის“ ხელმძღვანელობას აუხსნას, რომ ტრანსფერი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შამთხვევაში ფინანსურად თავადაც იზარალებენ, მაგრამ ვინაა ამის ამხსნელი და გამკეთებელი?


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно